ნათია თურნავა: ეროვნული ბანკი თავისი ზედამხედველობის ფარგლებში მოქმედებს და ნებისმიერი ქმედება კანონითაა განპირობებული
“ეროვნული ბანკი თავისი ზედამხედველობის ფარგლებში მოქმედებს და ნებისმიერი ქმედება კანონითაა განპირობებული”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, სებ-ი ბანკებს სანქციებსა და ჯარიმებს აუცილებლობის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად უწესებს და „ქართუ ბანკის“ შემთხვევაშიც ასე მოიქცა.
„ნებისმიერი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკი არ უნდა დაჯარიმებულიყო, ან მოსაზრება რომ სპეციალურად იყო დაჯარიმებული, უსაფუძვლოა, რადგან ეროვნული ბანკის პირდაპირი კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ მოიკვლიოს და მსგავს შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება“, – აღნიშნა თურნავამ.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.