ვლადიმერ ბოჟაძე: როდესაც ოპოზიცია მიდის იმაზე, რომ დასანქცირდეს ის მედია, რომელიც მათთვის მიუღებელია, წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ, რას უზამდნენ ამ მედიას
“ქართული ოცნების” წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელშიც მედიაზეცაა ყურადღება გამახვილებული.
“როდესაც ოპოზიცია მიდის იმაზე, რომ დასანქცირდეს ის მედია, რომელიც მათთვის მიუღებელია, წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ, რას უზამდნენ ამ მედიას – ალბათ, იმაზე უარესს, რაც უქნეს “იმედს” 2007 წელს და რაც უქნეს “რუსთავი 2-ს”, რომელიც ხელოვნურად გააკოტრეს – თავის დროზე, კანონიერ მეპატრონეს წაართვეს და ა.შ. ამიტომ, ამ რეზოლუციაში პირდაპირ იკითხება, როგორი საქართველო უნდა იხილოს ევროპარლამენტის გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა”, – აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“ რეზოლუცია მიიღო, სადაც გარკვეულ მოთხოვნებთან ერთად წერია: “გაავრცელონ სანქციები მოსამართლეებზე, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მყოფებზე, რომელთაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები გამოაქვთ; სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ჩუმად თუ ღიად მხარს უჭერენ რეჟიმს, და რეჟიმთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მფლობელებზე, მათ შორის “იმედი ტვ”, “პოს ტვ” და „რუსთავი 2 “ – მათი როლისთვის დეზინფორმაციის გავრცელებასა და მცდელობებისთვის მოახდინონ საჯარო დისკურსის მანიპულაცია, რათა შეინარჩუნონ ამჟამინდელი მმართველი პარტიის ავტორიტარული მმართველობა”, – აღნიშნულია ტექსტში.