თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით: კიდევ უფრო მეტად დამშვიდდება ქვეყანაც და აჭარაშიც კიდევ უფრო მეტი სიმშვიდე დაისადგურებს, თუ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას” აღარ ექნება ტრიბუნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოში 6 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი „კოლექტიური ნაცმოძრაობის” და მათი პოლიტიკური არსებობის დასასრულია.
„კოლექტიური ნაც.მოძრაობა” ზუსტად მიყვება იმ დავალებებს, რომელიც მათ მიღებული აქვთ დამკვეთებისგან. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენთვის სასიამოვნოდ და სასარგებლოდ დაემთხვა ერთმანეთს და ეს რეალურად „კოლექტიური ნაც. მოძრაობის” და მათი პოლიტიკური არსებობის დასასრულია. კიდევ უფრო მეტად დამშვიდდება ქვეყანაც, მათ შორის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოები და აჭარაშიც კიდევ უფრო მეტი სიმშვიდე დაისადგურებს, თუ რადიკალურ ოპოზიციას, ამ შემთხვევაში – „კოლექტიურ ნაც. მოძრაობას” აღარ ექნება ტრიბუნა” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე 6 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხი განიხილეს. უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი 13 დეპუტატმა დაუჭირა.