საქართველოში უსაფრთხო ინტერნეტის დღე მეხუთედ აღინიშნა
11 თებერვალს საქართველოში უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ – კონფერენცია ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს ინტერნეტ საზოგადოების (ISOC), ციფრული მმართველობის სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), აგრეთვე ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ გზავნილი ყოველწლიურად იცვლება. წლევანდელი გზავნილია „ერთად უკეთესი ინტერნეტისთვის“ (Together for a better internet).
ონლაინ კონფერენცია გახსნეს სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ და ინტერნეტ საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ქეთევან რეხვიაშვილმა.
ონლაინ კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხო ინტერნეტის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ბავშვებისთვის ინტერნეტში არსებული საფრთხეებზე, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბავშვებისა და მოზარდების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას.
როგორც გამოსვლაში ეკა ყუბუსიძემ განაცხადა, ონლაინ სივრცეში უსაფრთხოების საკითხს ქვეყნის ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღნიშნული საკითხის გარშემო სხვადასხვა ჩართული მხარის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნას უსაფრთხო კიბერგარემო, სადაც ბავშვები დაცულად შეძლებენ ინტერნეტით სარგებლობას და მისი სიკეთეების მაქსიმალურად დადებითად გამოყენებას.
ეკა ყუბუსიძის ინფორმაციით, სამინისტრომ, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირთან (ITU) თანამშრომლობით, მოამზადა ბავშვთა ონლაინ დაცვის სახელმძღვანელო, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის გლობალური კიბერუსაფრთხოების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. სახელმძღვანელო ინტერნეტში არსებული საფრთხეებს ასახავს, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბავშვებისა და მოზარდების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას.
ონლაინ კონფერენციაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების, მათ შორის, მისი ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების საკითხებზე. აქცენტი გაკეთდა კიბერგანათლების განვითარებასა და ვირტუალური ურთიერთობების გავლენაზე ბავშვებისა და მოზარდების რეალურ სოციალურ უნარებზე.
აღსანიშნავია, რომ ყოველი წლის თებერვალს საქართველოში უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღე (Safer Internet Day) აღინიშნება. ამით საქართველო უერთდება გლობალურ ინიციატივას, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებას საზოგადოებაში ცნობიერების დონის ამაღლების გზით. „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ აღნიშვნის მიზანია, ხელი შეუწყოს ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხო და პოზიტიურ გამოყენებასთან დაკავშირებით.