ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 134 ათასი ამომრჩეველი შეძლებს,- ამის შესახებ განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დიმიტრი მარშანმა.
“ამჟამად აფხაზეთის რესპუბლიკაში 134 000 ამომრჩეველია. რაც შეეხება უცხოურ საარჩევნო უბნებს, ჩვენ გვაქვს სამი საარჩევნო უბანი: ორი რუსეთის ფედერაციაში, ქალაქებში მოსკოვსა და ჩერქესკში. მდებარეობს თურქეთის ქალაქ ადაპაზარში”, – განაცხადა მარშანმა ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე.
მედიის ცნობით, “რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების” დროს წესრიგს თითქმის 1000 პოლიციელი უზრუნველყოფს.
“14 თებერვლიდან შსს გადადის მომსახურების გაძლიერებულ რეჟიმზე. საარჩევნო პროცესში ჩართულია 940 თანამშრომელი, საიდანაც 717 თანამშრომელი გადანაწილდება უბნებზე, 223 რეზერვში იქნება ცალკე დავალების შესასრულებლად”, – აცხადებს ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი.
შეგახსენებთ, “ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები” ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს გაიმართება. დე ფაქტო სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის ხუთი ადამიანი იბრძვის: აფხაზი პოლიტიკოსი ბადრა გუნბა, ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში ოლეგ ბარციცი, დე ფაქტო რესპუბლიკის კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არშბა, “ოპოზიციონერი” ადგურ არძინბა და შავი ზღვის განვითარების ბანკის თავმჯდომარე ადგურ ხურხუმალი.
კომენტარები
კომენტარი