“უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი, საბოტაჟი დასჯადი იქნება სისხლის სამართლის კოდექსით” – ვატო შაქარიშვილი
“აუცილებელია, შეიქმნას პრეცედენტი, რომ ჩვენი ქვეყნის ღალატი, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება სხვის სასარგებლოდ და ფინანსური ინტერესების გამო იქნეს დასჯადი”, – ამის შესახებ საბოტაჟის მცდელობის, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე მყოფმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელმა, ვატო შაქარაშვილმა განაცხადა.
“ეს პრეცედენტი აუცილებელია, რათა ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდეს აგენტურული ქსელისგან, ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე, დამშვიდდეს და პოლიტიკურ სივრცეში გაჩნდეს რეალური ოპოზიცია და არა ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ფულის და სხვა მერკანტილური ინტერესების სანაცვლოდ ღალატობენ ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან სხვის ინტერესებს და ამაში იღებენ ფულს. ეს პროცესი უნდა მივიდეს თავის შედეგამდე, რაც იქნება კონკრეტული ადამიანების პასუხისგებაში მიცემა. ყველაფერი არის ხელისგულზე და დღეს მოვედი იმისთვის, რომ ჩვენს ხელთარსებული საჯარო მასალები წარვუდგინო გამომძიებლებს, პროკურატურას და ვფიქრობ, რომ სხვა მუხლებითაც, კერძოდ 317-ე და 321-ე პრიმა მუხლებით უნდა დაინტერესდეს გამოძიება, რაც გულისხმობს მოწოდებებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ და ასევე, 321-ე პრიმა მუხლი – ეს არის დაფინანსება ისეთი პროცესების, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების საფუძვლების შერყევას. საზოგადოებამ განსაჯოს, არის თუ არა ამ ოთხი პარტიის და ოპოზიციად წოდებული აგენტურული ქსელის საქმიანობა წლების განმავლობაში სწორედ 317-ე და 321-ე პრიმა მუხლების იურისდიქციაში, ცხადია, არის და ვეცდები პროკურატურას მივაწოდო შესაბამისი მასალები, რათა მუხლების ჩამონათვალი გაფართოვდეს, გაიზარდოს და სხვა მუხლებითაც დაინტერესდეს გამოძიება.
მე მაქვს მოტანილი თან ამერიკის პრეზიდენტის, ასევე ილონ მასკის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ „იუესეიდი“, „ნედი“ და სხვა ფონდები, რომლებიც ფინანსდება და ივსება ამერიკელთა გადასახადებით სხვადასხვა ქვეყანაში, და კერძოდ, საქართველოსა და უკრაინაში, ირიცხებოდა იმისათვის, რომ აქ მომზადებულიყო რევოლუციური პროცესები, დაფინანსებულიყო ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები და პროცესები. ამას არ ლაპარაკობს საქართველოს შიდა პოლიტიკით დაინტერესებული რომელიმე ადამიანი, არამედ ამას ლაპარაკობს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს არის პირდაპირ კავშირში დაწყებულ გამოძიებასთან იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაციები მათ შორის პოლიტიკური პარტიები და ცალკეული პირები, რომლებიც ღიად, საჯარო წყაროებიდან, მე ეს მასალებიც მოტანილი მაქვს, ფინანსდებიან სწორედ „იუესეიდიდან“, „ნედიდან“, ამ ქვეყანაში მთელი მათი პოლიტიკური საქმიანობა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება, მუდმივ რყევაში ყოფნა, მუდმივი დესტრუქციული პროცესები, შესაბამისად, ცხადია, ისინი ამაში იღებენ ფულს“, – განაცხადა შაქარიშვილმა.