ქადაგიშვილი – ახალ რეგულაციებზე: ეს კანონმდებლობები იმიტომ არის შექმნილი, რომ დაცული იყოს საზოგადოება ცილისწამებისა და ტყუილი ინფორმაციის თავზე მოხვევისგან

“ფარას“ შემთხვევაში ეს ყველაფერი ვრცელდება ყველაზე, ფიზიკურ პირზეც და იურიდიულ პირზეც ამიტომ უცხოური დაფინანსების მიმღები ვინც იქნება ან რაღაც სხვა ლობისტური საქმიანობის გამწევი, იქნება ღია და გამჭვირვალე”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკასთან“, ახალ საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ისევე, როგორც საქართველოს შიგნით როდესაც პარლამენტში ლობისტად რეგისტრირდება ადამიანი, მას ვალდებულება აქვს, რომ მისი საქმიანობის ანგარიში წარმოადგინოს. ანუ ჩვენთან, ჩვენი ქვეყნის შიგნით ეს საკითხი ასეა დარეგულირებული. ახლა ჯერი დადგა უცხოეთიდან მიღებულ დაფინანსებებზე, რომელიც სათანადოდ უნდა იყოს ასახული და საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი.

ჩვენ გვინდა, რომ ყველაზე მაღალი სტანდარტის მქონე, ყველაზე ჩამოყალიბებული მარეგულირებელი ინსტიტუციის მქონე ბრიტანული ვარიანტი ავირჩიოთ და ამ გზას გავყვებით. ეს თვითონ მედიისთვისაც მნიშვნელოვანია. როდესაც მედია ფიქრობს, რომ ის ემსახურება ერთი არჩევნების მიზანს და „მოდი ამ არჩევნებში „ფეიკს“ გავავრცელებ თუ რაღაც სხვას, მოდელირებულს შევქმნი, არა უშავს მიზანი ამართლებს საშუალებებს“, ეს შეიძლება მოკლევადიან შედეგს აღწევდეს მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მედია კარგავს სანდოობას საზოგადოებაში, რაც რა თქმა უნდა მედიას, როგორც ინსტიტუციას ყველაზე უფრო მძიმე ზიანს აყენებს. სახელმწიფოს არ შეუძლია იმდენი ზიანის მიყენება რამდენიც თუ მედიას სახელი გაუტყდა, აი ამან მიაყენოს ყველაზე დიდი ზიანი, როგორც სანდოობის კუთხით, ისე მისი ფუნქციონირების კუთხით.

ამიტომ, ეს კანონმდებლობები იმიტომაც არის შექმნილი, რომ დაცული იყოს საზოგადოება ცილისწამებისგან და ტყუილი ინფორმაციის თავზე მოხვევისგან და მედიაც, როგორც ინსტიტუცია დაცული იყოს იმისგან, რომ ფეიკით, ტყუილით, მოდელირებული საკითხებით არ მანიპულირებდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები