ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს ექნება მზარდი ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან მათ შორის ევროკავშირთან, მაგრამ ყველა ამ სახელმწიფომ უნდა დაიცვას მათ მიერვე მიღებული საერთაშორისო ურთიერთობის და თამაშის წესები 

“ძალიან სავალალო სურათი და პრაქტიკა ჩამოყალიბდა საქართველოში, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო თუ დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი პირდაპირ ქართული საარჩევნო კამპანიის თანამონაწილე ხდება, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი უხეში დარღვევა, ქვეყნის სუვერენიტეტის და დიპლომატიის მცნების, საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლური პრინციპებისა და დემოკრატიის შელახვა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ექნება უფრო მზარდი ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან მათ შორის ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან, მაგრამ ყველა ამ სახელმწიფომ უნდა დაიცვას მათ მიერვე მიღებული საერთაშორისო ურთიერთობის და თამაშის წესები.

„ეს იწვევს არა მარტო ცუდ შედეგებს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ მერე ეს აისახება უკვე ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე. ამის კონკრეტული მაგალითია ის, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ჩართული იყვნენ საქართველოში ამ წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც მხარე, დამარცხების შემდეგ იქცევიან ისე, როგორც დამარცხებული მხარე. ერთგვარი სამაგიეროს გადახდის პროცესში არიან გადასული. მსგავსი საკითხის პოლიტიზება გადადის და აისახება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში.

ეს პრაქტიკა, რომ მე დღეს მაწყობს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა და ჩავერევი არა უშავს, სინამდვილეში გრძელვადიანად აზიანებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას და ამცირებს ნდობას საზოგადოებაში დემოკრატიული პროცესის მიმართ და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ არის აღმოსაფხვრელი.

საქართველო არ უნდა წარმოიდგინოს ჩვენმა მოქალაქემ ისე, რომ რახან ჩვენ საერთაშორისო ინტეგრაციისკენ მოწოდებული სახელმწიფო ვართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა შეილახოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისოდ აღიარებული კანონები საქართველოში ნაწილობრივ უნდა მოქმედებდეს.

საქართველო არსებობს, მუდმივად იარსებებს, ბუნებრივია საქართველოს ექნება უფრო მზარდი ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან მათ შორის ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან, მაგრამ ყველა ამ სახელმწიფომ უნდა დაიცვას მათ მიერვე მიღებული საერთაშორისო ურთიერთობის და თამაშის წესები და ეს წესები უნდა გავრცელდეს საქართველოზეც“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები