ქადაგიშვილი – ჯო უილსონზე: ის გარკვეული პოლიტიკური გავლენით ვაჭრობს და ამას ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია იყენებს; შემოსაღებას ცდილობდნენ, თითქოს, ეს აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილი იყო
„ეს ადამიანი [ჯო უილსონი] გარკვეული პოლიტიკური გავლენით ვაჭრობს და ამას ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია იყენებს და შემოსაღებას ცდილობდნენ, თითქოს ეს აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილი იყო”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ჯო უილსონი, რომელმაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი დაპატიჟა, ინაუგურაციაზე ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა.
„ამერიკის შიდა საქმეა, თუ რა უფლებებით ისარგებლებენ კონგრესმენები. ჩვენ ამას ვერ დავარეგულირებთ. ამერიკაში მოქმედებს კანონი, რომელიც ავალდებულებს მათ შორის მის კონგრესმენსაც, ყველა ის ურთიერთობა, რომელიც მას უცხოეთთან გააჩნია, ფინანსური კუთხით იქნება, თუ სხვა კუთხით გამოხატული, იყოს ღია და დეკლარირებული. აქედან [კანონის მეშვეობით] ვიგებთ, რომ ეს ადამიანი [ჯო უილსონი] გარკვეული პოლიტიკური გავლენით ვაჭრობს და ამას ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია იყენებს და შემოსაღებას ცდილობდნენ, თითქოს ეს აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილი იყო. გამჭვირვალობა გვიჩვენებს, რომ ეს იყო ერთი კონგრესმენის ლობისტური საქმიანობა, რომელშიც ის ფულს იღებს. ამიტომ ვამბობთ, რომ გამჭვირვალობა მხოლოდ მთავრობის ვალდებულება არ არის. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ამერიკული კანონმდებლობა გადმოვიტანოთ სიტყვასიტყვით, რადგან ის სტანდარტი შემოვიღოთ, რა სტანდარტიც არის აშშ-ში“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.