“პროკურატურაში გამოძიების დაწყება უმნიშვნელოვანესია იმის პარალელურად, რაც პარლამენტში დაანონსდა” – ვატო შაქარიშვილი
“პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება უმნიშვნელოვანესი პროცესია იმის პარალელურად, რაც საქართველოს პარლამენტში დაანონსდა, საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ეხება 2003-12 წლებში ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს და რეჟიმის პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას”, – ამის შესახებ „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს განცხადება ეხებოდა 2012 წლის შემდეგ, “ანუ ოპოზიციიდან ამ პოლიტიკური ჯგუფების და ძალების მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულს, რომელიც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას, ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობას, რის უკანაც იდგა ფინანსები, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა უცხო ქვეყნებიდან”.
“პროკურატურაში დასაბუთებული განცხადება შევიტანეთ 18 იანვარს. მას შემდეგ მოხდა ტრამპის ინაუგურაცია, წამოვიდა ინფორმაციათა ნაკადი იმასთან დაკავშირებით, რეალურად რას ხმარდებოდა საქართველოში შემოსული ფული. ეს იქნებოდა „იუესეიდის“, „ნედის“ თუ სხვა ფონდების მხრიდან, რომელიც ტრამპის, მასკის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან მხილებულია, როგორც ბოროტი საქმეების დამფინანსებელი ძალა, რომელიც იყო ინსტრუმენტი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გატარებისა სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის – საქართველოში, უკრაინაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ, როდესაც პროკურატურა გამოკითხვაზე დამიბარებს, ვაპირებ საჯაროდ გაკეთებული რევოლუციური შინაარსის განცხადებები ერთგვარ მტკიცებულებად წარვადგინო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ხდებოდა უცხოური ფულით რევოლუციის და ანტისახელმწიფოებრივი პროცესების დაფინანსება.
ვნახეთ, რომ პროკურატურამ საქმე აღძრა 2 მუხლით – 318 და 319 მუხლებით. ვფიქრობთ, გაცილებით მეტი მუხლის იურისდიქციაში შედის ის საქმიანობათა ჯაჭვი, რომელიც ჩადენილია წლების განმავლობაში ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიად წოდებული აგენტურული ქსელის მიერ. შესაბამისად, ასევე წარვადგენთ დამატებით, საჯაროდ ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება ასევე შეიძლება დაინტერესდეს 317 და 321 პრიმა მუხლებით. ვფიქრობთ, შესაძლოა გაფართოვდეს, იქიდან გამომდინარე, რომ აშშ ახალი პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის გუნდის მიერ გასაჯაროებული უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები პირდაპირ კავშირშია იმ დანაშაულებრივ საქმიანობასთან, რომელსაც წლების განმავლობაში საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი ეწეოდა. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ამ აგენტურული ქსელისგან ჩვენი პოლიტიკური, საზოგადოებრივი სივრცის გათავისუფლება, იმისათვის რომ, ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
დღეს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ საბოტაჟის მცდელობის, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.