ნათია თურნავა: ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკისთვის განასახიერებდეს სტაბილურობას იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი არის ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობაზე აგებს პასუხს

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და რა თქმა უნდა, ჩვენს, აწ უკვე შევსებულ 9 წევრიან სამეთვალყურეო საბჭოს,“ – ამის შესახებ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკისთვის, რომ განასახიერებდეს სტაბილურობას, ვინაიდან ეროვნული ბანკი არის ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობაზე აგებს პასუხს.

„შესაბამისად, ჩვენი მენეჯმენტ სტრუქტურების სტაბილურობა, ის რომ, რომ ჩვენი სამეთვალყურეო საბჭო სრულად არის ახლა წარმოდგენილი მაღალი რანგის პროფესიონალებით და პრეზიდენტი ჰყავს, ასე ვთქვათ, კანონის თანახმად, ჯერ არჩეული და შემდეგ დანიშნული ეროვნულ ბანკს, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ზოგადად.

ჩვენ, პრინციპში, ვმუშაობდით სრული დატვირთვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საბჭოს აკლდა 4 წევრი, მაგრამ ვასრულებდით ჩვენს მოვალეობას. მივიღეთ ჩვენი მონაწილეობა იმაში, რომ ქვეყანაში სტაბილურად დაბალია ინფლაცია, ფასები სტაბილურია და მთლიანობაში ეკონომიკური ვითარებაც არის საკმაოდ სტაბილური, მაკროეკონომიკური პარამეტრები ძლიერი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა კიდევ უფრო ეფექტურად შევასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობებს.
გეგმები იგივეა, რაც აქამდე გვქონდა, ეს არის ჩვენი მთავარი მანდატის აღსრულება, ჩვენი მთავარი კონსტიტუციური მანდატის, ეს არის ფასების დონის სტაბილურობის უზრუნველყოფა, კვლავაც რომ ინფლაცია მიზნობრივთან ახლოს იყოს და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ბაზარზე, რაც ყველაფერი ერთად თავის მხრივ მდგრად ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ[მუშაობას] ახლა ჩვენი გუნდი.

ძალიან მიხარია, რომ ჩვენს სამეთვალყურეო საბჭოს შეემატნენ პროფესიონალი ადამიანები. ეს უნდა აღვნიშნო. პროფესიონალური ნიშნით მოხდა შევსება. აქედან, უმრავლესობა ისეთი ადამიანია, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ნამუშევარია საბანკო სტრუქტურებში და ეროვნულ ბანკშიც. კარგად იცნობს ამ სისტემას. ერთმანეთს შევავსებთ, კიდევ უფრო მეტი სინერგია იქნება ამ თვალსაზრისით და შევასრულებ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას ეფექტურად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები