ირაკლი კობახიძე – პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით, არც კონკრეტულად ბრალდებულის, არც მისი კოლეგების მხრიდან, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი
პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით. არც კონკრეტულად ბრალდებულის, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
პრემიერის თქმით, არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოს წარმომადგენელზე.
„რაც შეეხება წინასწარ პატიმრობას, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მოგეხსენებათ, ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლება. მე ვერ შევალ სამართლებრივ შეფასებაში, ერთადერთი, შემიძლია საერთო შეფასება გავაკეთო იმ სამართალდარღვევის, რაც იქნა ჩადენილი. ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, თავისი საერთო შეფასებით, არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოზე, სახელმწიფოს წარმომადგენელზე, პოლიციელზე. ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, რასაც სჭირდებოდა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება. როგორი უნდა იყოს ეს რეაგირება, ამაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები და ყველამ პატივი უნდა სცეს შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებებს. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ვერ ვხედავთ ვერანაირ სინანულს. პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით. არც კონკრეტულად ბრალდებულის, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. დანარჩენზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს თავისი შეფასება”, – განაცხადა პრემიერმა.