ვლადიმერ ბოჟაძე – გახარიას გუნდზე: თუ პარლამენტში მუშაობას არ შეუდგებიან, შეუწყდებათ უფლებამოსილება განცხადების დაწერის გარეშეც
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც პარტიას “საქართველოსთვის” ხელისუფლების ინტერესების გატარებაზე მიუთითა იმის გამო, რომ მათ ჯერაც არ დაუტოვებიათ საპარლამენტო მანდატები.
ბოჟაძე აცხადებს, რომ თუ პარლამენტში მუშაობას არ შეუდგებიან, გახარიას გუნდის წევრებსაც შეუწყდებათ უფლებამოსილება განცხადების დაწერის გარეშეც.
“როგორც ჩანს, რადგან თვითონაც აღარ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ენანებათ სხვა ოპოზიციური პარტიები იყვნენ პარლამენტის წევრები, გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა და სხვა ბერკეტები. თუმცა, იცით თქვენ, რომ ოთხივე პოლიტიკურ პარტიას აქვს სახელმწიფო დაფინანსება და ექნებათ მომავალი წლების განმავლობაში, სწორედ იმიტომ, რომ მათ გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიიღეს იმდენი ხმა, რამდენიც მიიღეს.
დაფინანსება სწორედ ხმების რაოდენობაზეა მიბმული, მაგრამ 2020 წლის პარლამენტივით ჩვენ ხელფასები ვუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ მუშაობენ… მივლინებები და ის სხვა პრივილეგიები, რაც აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ ექნება იმ 49 დეპუტატს. ის 12 დეპუტატიც ან იმუშავებს პარლამენტში, ან განცხადების დაწერის გარეშეც, საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდგომ, მაინც დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.