“ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი: გაოცებული ვარ რატომ არის დაკავებული ეს ადამიანი

“გაოცებული ვარ რატომ არის დაკავებული ეს ადამიანი”,- ამის შესახებ შსს-ს მიერ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი დაკავებული 26 პირიდან ერთ-ერთის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს.

მისივე თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს.

“სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შემდგომ, ვერ ვნახე ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას დაადასტურებს. გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ის არის ერთი წინადადების გამო დაჭერილი, სადაც ადამიანებს მოუწოდებს, რომ არ გაერიონ ამ ჩხუბში და მშვიდობიანად იცხოვრონ. მხოლოდ და მხოლოდ ამ წინადადების ავტორია ადამიანი, რომელსაც მე ვიცავ და გაოცებული ვარ რატომ არის დაკავებული ეს ადამიანი”, – ამბობს ჭკადუა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში 26 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 „კანონიერი ქურდია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები