ექსპერტის თქმით, ის მიესალმება მედიის შესახებ ახალ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ბრიტანულ მოდელზე იქნება დაფუძნებული.
„უცხოელი ექსპერტების გადმოცემით, მსოფლიოში ინტერნეტის გავრცელების პარალელურად, ყოველდღე არნახული რაოდენობის ინფორმაცია იქმნება და ინახება, საშუალოდ 2.5 კვინტილიონი ბაიტი ინფორმაცია. მათივე ცნობით, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში კაცობრიობამ შექმნა და შეინახა იმდენივე ინფორმაცია, რაც მანამდე მთელი ისტორიის განმავლობაში და ვინ იცის, რამდენია მასში დეზინფორმაცია?
თუკი მსოფლიოში შექმნილ ახალ რეალობას და ტრამპის “პოლიტიკურ ტორნადოს” გავითვალისწინებთ, ყველასათვის ცხადია, USAID-ი და სხვა ფონდებით რა რაოდენობის თანხა იხარჯებოდა კონკრეტული პოლიტიკის შესაქმნელად და მისი პროპაგანდისთვის სხვა ქვეყნებში, რაშიც უმთავრესი იარაღი  დეზინფორმაცია იყო. ჰიბრიდული ომი სწორედ დეზინფორმაციის საშუალებით ხორციელდება და ეს ეპოქა სრულდება.
საქართველო უკვე რამდენიმე ათეული წელია ჰიბრიდული ომის ქარცეცხლში იმყოფება ყველა ვექტორიდან. სახელმწიფოები საკუთარი ინტერესების გატარებას სწორედ მათივე დაფინანსებით, ადგილობრივ და საერთაშორისო მედია საშუალებებში ძლიერი დეზინფორმაციული პროპაგანდით აწარმოებენ. ეს არის  დამანგრეველი ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ ტალღამ სერიოზულად შეაზანზარა ქვეყანა. რომ არა არსებული ხელისუფლება, საქართველო დეზინფორმაციული პროპაგანდის მსხვერპლი გახდებოდა.
მივესალმებით მედიის შესახებ ახალ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ბრიტანულ მოდელზე იქნება დაფუძნებული. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თავად ბრიტანეთი სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად, ეტაპობრივად ამკაცრებს ამ კანონს. მედიის შესახებ მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის თაობაზე 2019 წელს დაისვა საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამეცნიერო სფეროდან, თუმცა, ახალი პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს თემა უგულებელყო.
ტრამპის ახალი პოლიტიკის გათვალისწინებით, ველით ამ საკითხშიც შესაბამისი აგრესიული პოლიტიკის გატარებას. საქართველო კი ისტორიულ ნაბიჯს დგამს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და უერთდება მსოფლიო პროგრესს,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.