გურამ მაჭარაშვილი: გახარიას თაღლითობა არაერთხელ უნახავთ თავისივე გუნდის წევრებსაც კი, რომლებიც გადააგდო და სიაში არ ჩაწერა
„რატომ „აეწვა“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ამ უფლებამოსილების შეწყვეტა? რატომ აწივწივდნენ ახლა. თუ არალეგიტიმურია ეს პარლამენტი, არალეგიტიმურ პარლამენტში უფლებამოსილებას რომ შეგიწყვეტენ, რატომ უნდა შფოთავდე ამის გამო?,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი გამოეხმაურა ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური პარტიის მოწოდებას, რომ გიორგი გახარიას გუნდმა მანდატები დათმოს.
„შეცდომა დაუშვეს განცხადება რომ დაწერეს და არ შემოვიდნენ პარლამენტში და ახლა მოიმკეს ის, რაც დათესეს. ამიტომ საყვედურობენ ახლა გახარიას, შენ რატომ არ წერ განცხადებასო. ეს მათი შიდა პრობლემაა, მაგრამ გახარიას თაღლითობა და ცბიერება არაერთხელ უნახავთ თავისივე გუნდის წევრებსაც კი, რომლებიც გადააგდო და სიაში არ ჩაწერა და ახლა რა გასაკვირია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რამდენჯერმე გადააგდოს. ეს მისი სტილია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით ისევ არ მიუმართავთ.