დავით მათიკაშვილი მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე: ბრიტანული მოდელი არის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი მთელ მსოფლიოში
„ბრიტანული მოდელი არის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი მთელ მსოფლიოში. ვაპირებთ შევიმუშაოთ იმ სახის კანონპროექტი, რომელიც იქნება ამ ანალოგიაზე მორგებული,“ – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მედიის საკითხებს შეეხება.
მისი თქმით, მედიაგარემო გაჯერებულია „ფეიკ ნიუსებით“ და ამას სჭირდება რეგულაცია.
„ბრიტანული მოდელი არის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი მთელ მსოფლიოში. ბრიტანულ მოდელში არის მეტ-ნაკლებად დაცული სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, შეურაცხყოფის, ცილისწამების და ა.შ. ძალიან ბევრი მიმართულებით სტანდარტები, რომელიც არის ე.წ. BBC-ის მოდელი და რაც ნამდვილად უნდა იყოს მისაბაძი მაგალითი ჩვენთვის და არა მხოლოდ. ჩვენც, ზუსტად ანალოგიურად ვაპირებთ შევიმუშაოთ იმ სახის კანონპროექტი, რომელიც იქნება ამ ანალოგიაზე მორგებული. ის, რომ მედიაგარემო „ფეიკით“ არის გაჯერებული და ის, რომ ტყუილს ასაღებენ სიმართლედ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, ეს არის ფაქტი. რეგულაციები იქნება კანონში ასახული და ეს არ იქნება ერთ დღეში დაჩქარებული წესით მიღებული. მასზე იქნება დიდი ხნის განმავლობაში მუშაობა და საზოგადოებაც იქნება ჩართული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებას დააინიციირებს, რომელიც მედიას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა თქმით, მომზადდება ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისი პროექტი და დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. მმართველი გუნდის შეფასებით, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება, ცვლილებების მიზანი კი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა.