ლევან მახაშვილი – ვცდილობთ, მანიფესტაციებთან დაკავშირებით ისეთი მექანიზმები შემოვიტანოთ, რომელიც აგვარიდებს ახალ-ახალ პრობლემებს
„ვცდილობთ, რომ ისეთი მექანიზმები შემოვიტანოთ, რომელიც აგვარიდებს ახალ-ახალ პრობლემებს – კანონმდებლობის მთავარი არსი არის ის, რომ მოხდეს დანაშაულების პრევენცია,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა კანონმდებლობას აქვს ერთი მიზანი, რომ თავიდან ავირიდოთ საზოგადოებრივი დაპირისპირებები, უწესრიგობა და სხვა.
„საქართველოს პარლამენტი და ზოგადად, პარლამენტები არსებობს იმისთვის, რომ ადევნოს თვალი საზოგადოებრივ ცვლილებებს, რა პრობლემების წინაშე დგება საზოგადოება, მუდმივ რეჟიმში იზრუნოს ამ პრობლემების მოგვარებაზე და ადაპტირდეს იმ გამოწვევებთან, რაც საზოგადოებაში არსებობს. ლოგიკურია, საქართველოს პარლამენტიც ამ ლოგიკით მუშაობს. ჩვენ ყოველდღიურად ვაანალიზებთ იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რაც ჩვენს საზოგადოებაშია. ვცდილობთ, რომ ისეთი მექანიზმები შემოვიტანოთ, რომელიც აგვარიდებს ახალ-ახალ პრობლემებს. ეს კანონმდებლობაც გათვლილია იმაზე, რომ ყოველგვარი ძალადობის პრევენცია მოხდეს.
საერთო ჯამში ძალადობის 100% პრევენცია, რა თქმა უნდა, ვერცერთ საზოგადოებაში ვერ ხდება. კანონმდებლობის მთავარი არსი არის ის, რომ მოხდეს დანაშაულების პრევენცია. თავისი არსით, ზოგადად, კანონები არის რეპრესიული – ლოგიკურია, რადგან შეაკავოს ადამიანები გარკვეული ტიპის დანაშაულების ჩადენისგან. ამიტომ, რეპრესიული – არ არის რეპრესიული, ამაზე ცოტა დემაგოგიურია საუბარი. ძალიან მარტივი მიზანი აქვს ყველა კანონმდებლობას – რომ თავიდან ავირიდოთ საზოგადოებრივი დაპირისპირებები, უწესრიგობა და ა.შ.“ – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა.