„ოპოზიცია არის უკანონო დაფინანსების ბენეფიციარი, შესაბამისად, მას არ უნდა, რომ გამხელილ იქნეს ამ უკანონო ბენეფიციარობის წყარო“ – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკანონობის აკრძალვა ოპოზიციისთვის არის რუსული ნაბიჯები.
„ოპოზიცია, სამწუხაროდ, არის უკანონო დაფინანსების ბენეფიციარი. ბუნებრივია, მას არ უნდა, რომ გამხელილ იქნეს ამ უკანონო ბენეფიციარობის წყარო და აღკვეთილ იქნეს. ამიტომ, ის ყველაფერს იკადრებს. სიტყვასიტყვით გადმოთარგმნილი ამერიკული კანონი და ინგლისური კანონი მისთვის მაინც რუსულია. უკანონობის აკრძალვა მისთვის არის რუსული და უკანონობის მიღება მისთვის არის ევროპული,” – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, ცვლილებების მიხედვით, ქართულ ენაზე ითარგმნება ამერიკული „ფარა”. დასავლური ქვეყნების ანალოგით მომზადებული ახალი კანონი კი მედიას შეეხება. “ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში ისინი ბრიტანულ მოდელს და კანონმდებლობას გაითვალისწინებენ.
ცვლილების მიხედვით, შეიზღუდება მედიის დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. თუმცა ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს. მმართველი გუნდი ცვლილებების პაკეტს უახლოეს დღეებში დააინიციირებს.