არჩილ გორდულაძე: ცვლილებების მიზანი საზოგადოებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რათა ადამიანები კარგად დაფიქრდნენ და პროტესტი კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატონ
“ქართული ოცნების” წევრი არჩილ გორდულაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ცვლილებების მიზანი საზოგადოებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რათა ადამიანები კარგად დაფიქრდნენ და პროტესტი კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატონ.
“ჩვენ ვხედავთ, რომ კანონის მოქმედი რედაქცია ვერ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას, ეს არის პრევენცია სამართალდარღვევებისა და, სამწუხაროდ, ადამიანები აორგანიზებენ კოლექტიურად და მოუწოდებენ ადამიანებს, რომ დაარღვიონ სისტემატურად ჩვენს სივრცეში არსებული კანონმდებლობა. არად აგდებენ სხვა ადამიანების უფლებებს, სხვა ადამიანების პირად ღირსებას. მათ შორის, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ დესტაბილიზაცია შემოიტანონ ქვეყანაში, სულ არეულობა გვქონდეს. ჩვენ გვაქვს ცვლილებები, რომლის მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში იქნება ეს შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევა თუ სხვა ადამიანების შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ეს ეხება საჯარო მოხელეებს, საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ამ ადამიანების შეურაცხყოფა, მათზე თავდასხმა, იქნება პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო მკაცრი, ვიდრე ახლა გვაქვს გათვალისწინებული მოქმედი რედაქციით. რასაც ექნება პრევენციული მექანიზმი და ადამიანები კარგად დაფიქრდებიან, სანამ სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ან სხვა ადამიანების ღირსებას შელახავენ. ამავდროულად, უხეშად დაარღვევენ კანონს, მაგალითად დაიწყებენ სხვადასხვა მაგისტრალის თუ სატრანსპორტო კვანძის ბლოკირებას. ეს მხოლოდ ცვლილებათა ნაწილია, რომელიც მიზანს ისახავს, რომ ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და ადამიანები უბრალოდ კარგად დაფიქრდნენ, თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში. მათ ამ პროტესტის გამოხატვას არავინ არ უშლის. როგორც სხვა ქვეყანაში იცავენ სამართალდამცველები წესრიგს, ზუსტად ანალოგიურად არის პასუხისმგებლობები მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. ამ ქვეყნების მსგავსად, ჩვენი ქვეყანაც იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და გაცილებით უფრო რბილად, ვიდრე რიგ ქვეყნებში,” – აცხადებს არჩილ გორდულაძე.