გაერო-ს ცნობით, კონგოს ქალაქ გომაში, ციხიდან გაქცევის დროს პატიმრებმა 100-ზე მეტი ქალი პატიმარი გააუპატიურეს და შემდეგ ცოცხლად დაწვეს,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც ქალაქზე 23 მარტის მოძრაობის (M23) ამბოხებულთა ჯგუფმა დაამყარა კონტროლი, მუნზენზეს ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა.
“165-დან 167-მდე ქალზე განახორციელეს სექსუალური თავდასხმა პატიმარმა მამაკაცებმა ციხიდან გაქცევის დროს. ქალების უმეტესობა მას შემდეგ დაიღუპა, რაც პატიმრებმა ციხეს ცეცხლი წაუკიდეს”,- ნათქვამია გაერო-ს შიდა დოკუმენტში.
ცნობისთვის, 27 იანვარს რუანდის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, საზღვართან მდებარე ყველაზე დიდ ქალაქ გომაში შევიდნენ. გაეროს ცნობით, ამბოხებულებს, სულ მცირე, რამდენიმე რუანდელი ჯარისკაცი ეხმარებოდა.