“საქართველოში შემოდინებული თანხებით ფინანსდებოდა რადიკალიზმი, სიტუაციის არევის, რევოლუციის მოწყობის მცდელობები და იმ პოლიტიკური მოცემულობის შექმნის სურვილი, რაც აწყობს „დიფ სთეითს“ – მათიკაშვილი

“თქვენ და მთელს საზოგადოებას ალბათ ძალიან კარგად ახსოვს ის ცინიკური დამოკიდებულება ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენ მიერ არაერთგზის წარსულში იყო დასმული USAID-ის, NED-ის, ასევე ევროპული კონკრეტული ფონდები, რომლებიც კონკრეტულ ორგანიზაციებს აფინანსებდნენ იმ ხალხის მხრიდან, ვინც იყო ამ დაფინანსების ობიექტი, ვინც კონკრეტულ ბენეფიტებს იღებდნენ ამ დაფინანსებიდან, ასევე კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, რადიკალები და ა.შ.”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა.

„ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია და დღესაც იმავეს ვამბობთ, რომ საქართველოში შემოდინებული თანხებით ჩვენს ქვეყანაში ფინანსდებოდა რადიკალიზმი, ფინანსდებოდა სიტუაციის არევის, რევოლუციის მოწყობის მცდელობები და იმ პოლიტიკური მოცემულობის შექმნის სურვილი, რაც აწყობს „დიფ სთეითს“, აწყობს გლობალური ომის პარტიას, აწყობს იმ პოლიტიკურ ჯგუფებს და ადამიანებს, ვის წინააღმდეგაც დღეს ასე აქტიურად ილაშქრებს, როგორც შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი, ასევე მისი ადმინისტრაციის კონკრეტული წევრები, იგივე ილონ მასკი. მისი განცხადებები ალბათ არის ბევრად უფრო შეფასებითი კუთხით აშკარა და ღრმა, ვიდრე ამას ჩვენ ვამბობდით.

ჩვენ ბოროტებაზე ასე არ გვისაუბრია, როდესაც USAID-ზე, NED-ზე ვსაუბრობდით. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ იქიდან შემოდინებული თანხებით სამწუხაროდ სწორედ ბოროტება ფინანსდება. უკვე ამ ადამიანებმა, კონკრეტულმა ჩინოვნიკებმა შეერთებული შტატებიდან, ბოროტება უწოდეს იმ ორგანიზაციას, რომელიც ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფულით ივსება და შემდგომ იმ პროექტების დაფინანსებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, რომელიც ცხადია, რომ ამერიკელი ხალხის და ამერიკული სახელმწიფოს ინტერესებისთვის იქნებოდა მისაღები. აღმოჩნდა ის, რასაც ჩვენ არაერთგზის ვსაუბრობდით, რისთვისაც საქართველომ მიიღო „გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და რის გამოც აქ რადიკალებმა რევოლუციის მცდელობები არ დააკლეს ქართულ სახელმწიფოს.

რადიკალი ოპოზიციონერები იმდენად არიან გაკოტრებულები საქართველოში და იმდენად უარგუმენტოა მათი მტკიცება, რომ თურმე   USAID-ი ყოფილა ამერიკის შიდა საქმე და ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ჩვენ ამერიკის შიდა საქმეებში არ ვერევით, მაგრამ იქიდან წამოსული თანხები რა პროექტებისთვის იხარჯება, ეს არის უკვე ჩვენი საქმე“, – აღნიშნა
მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები