4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება
„საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია, 4 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გაიხსნება, რომელიც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს დაეთმობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს 4-7 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. მათ შორის, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ინიციატორების თხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილება.
მიმდინარე სასესიო კვირაში კანონმდებლები ფრაქცია „ქართული ოცნების” ინიციატივით მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტზეც იმსჯელებენ, რომელიც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის” შექმნას შეეხება.
ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ. მათ შორის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან წევრების გამოწვევის შესახებ.
„დელეგაციის წევრებმა მათი უფლებამოსილებების შეწყვეტის შესახებ, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ინდივიდუალურად მიმართეს. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ამის შემდეგ უკვე მეც მივმართავ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში წევრები არ არიან და ამაზე შესაბამისი ინფორმაცია იქნება მიწოდებული იმ განმარტებით, რაც არაერთხელ საჯაროდაც გაკეთდა. ჩვენ ველოდებით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაუბრუნდება თავის პირვანდელ ღირებულებებს, რომელიც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზეა დამყარებული”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.