“ჩვენი დელეგაციის ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩავარდა მცდელობა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ ეღიარებინათ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მანდატები” – პაპუაშვილი

“ჩვენი დელეგაციის ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩავარდა მცდელობა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ ეღიარებინათ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მანდატები და ამით გარკვეულწილად ჩრდილი მიეყენებინათ თითქოს საპარლამენტო არჩევნებისადმი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მინდა, შევეხო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. სამწუხაროა ის რეზოლუცია, რომელიც მიიღო საპარლამენტო ასამბლეამ. ამავე დროს, ხაზგასასმელია მცდელობა, რომ არ ეღიარებინათ დელეგაციის მანდატები და ამით გარკვეულწილად ჩრდილი მიეყენებინათ თითქოს საპარლამენტო არჩევნებისადმი. ამიტომაც მინდა მადლობა გადავუხადო დელეგაციას და მის ხელმძღვანელს, ქალბატონ თეა წულუკიანს. ეს მცდელობა ჩაუვარდა ოპოზიციას, მის მხარდამჭერ და გვერდში მდგომ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის ზოგიერთ უცხოურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ჰარმონიულად და ორკესტრირებულად მუშაობდნენ ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ. ეს მცდელობა ჩავარდა ჩვენი დელეგაციის ძალიან ინტენსიური მუშაობის შედეგად და დელეგაციის უფლებამოსილება იქნა ცნობილი საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, თუმცა ის რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერა დათქმები, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამაზე დელეგაციამაც გააკეთა განცხადება, მეც მქონდა განცხადება, რომ ასეთ პირობებში ჩვენ ვერ ვიმუშავებთ ასამბლეის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ასამბლეა დაუბრუნდეს თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაც დემოკრატიისა და ხალხის ნების პატივისცემაზეა დამყარებული. თუკი პატივი არ ვეცით ერთმანეთის სუვერენიტეტს, პატივი არ ვეცით ხალხის ნებას, რომელიც არჩევნებში გამოიხატება, მაშინ, რა თქმა უნდა, რთულია, ვისაუბროთ საერთაშორისო თანამშრომლობის იმ პრინციპებზე, რომელზეც დამყარებულია თანამედროვე სამყარო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები