ვლადიმერ ბოჟაძე: საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა დიდად არ დააზარალებს არც ევროსაბჭო-საქართველოს ურთიერთობებს და მით უმეტეს, ზოგადად ევროინტეგრაციას
„ჩვენ დროებით ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო რჩება ევროსაბჭოს წევრად,“ -ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით ოპოზიციის მცდელობამ, რომ ევროსაბჭოს არ ეღიარებინა ქართული ოცნების დელეგაცია, არ იმუშავა.
„ერთი მხრივ აღიარეს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე განისაზღვრა კვოტები ოპოზიციისთვისაც, ხელისუფლებისთვისაც. იქვე იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებიც არ წარმოადგენდნენ ოპოზიციას, ვგულისხმობ ოთხ პარტიას, რომელმაც არა მხოლოდ წერილი გააგზავნა, არამედ თვითონაც იყვნენ ჩასულები იმისათვის, რომ არ ეღიარებინათ დელეგაცია, თუმცა, ეს ნაწილი რა თქმა უნდა, არ და ვერ მოგვარდა. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ეს იყო უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიდრე ეს დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი არ შეიცვლება და იმედს ვიტოვებთ, რომ ის მალე შეიცვლება, ჩვენ დროებით ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში.
თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო რჩება ევროსაბჭოს წევრად, ვაგრძელებთ ყველა სხვა ფორმატში თანამშრომლობას. საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა დიდად არ დააზარალებს არც ევროსაბჭო-საქართველოს ურთიერთობებს და მით უმეტეს, ზოგადად ევროინტეგრაციას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებას, რაც გვაქვს, როგორც სახელმწიფოს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.
მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.