გურამ მაჭარაშვილი: ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო კომისია შეიქმნება
“ძალიან კარგია, რომ [„ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი შეფასებისთვის] საგამოძიებო კომისია შეიქმნება – ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას ამ კომისიის მუშაობაში”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მანამ სანამ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” პრობლემა იქნება ქვეყანაში – იქნება კრიზისების რისკიც.
„ხალხის ძალას” არაერთხელ გვითქვამს ჩვენს წერილებში, თხოვნებში და განცხადებებში, რომ მანამ სანამ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” პრობლემა იქნება ქვეყანაში, იქნება ყოველთვის ამ “ჯანჯღარის”, კრიზისებისა და უცხოური წარმომადგენლების [ჩარევის] რისკი. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ [„ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი შეფასებისთვის] საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას ამ კომისიაში. კონფიგურაცია როგორ იქნება, ამას ბიუროს შემდგომ გადაწყვეტს საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტი, რომელიც ადგენს რეალურად, დადგენილების მიღების შემდგომ კვოტებს – რა კვოტა ექნება საპარლამენტო უმრავლესობას და რა კვოტა საპარლამენტო ოპოზიციას. ჩვენ ვიცით, რომ მინიმუმ ნახევარი უნდა იყოს საპარლამენტო ოპოზიცია. ამ კვოტების დადგენის შემდგომ, ვინ იქნებიან უშუალოდ პიროვნებები, ამას უკვე ცალკე განსაზღვრავს საპარლამენტო უმრავლესობა და ცალკე საპარლამენტო ოპოზიცია”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.