თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა
თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა, რომელიც ინარჩუნებს სიცოცხლეს.
მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
„უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყოველ წელს, იანვარში თბილისის სატელევიზიო ანძას ზურმუხტისფრად ვანათებთ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარებისკენ, ჩვენ კი მათ გაუმჯობესებული სერვისებით ველოდებით. აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი შეიცვალა და PAP ტესტირებიდან, გადავიდა HPV ტესტირებაზე. ეს მეთოდი კიდევ უფრო მეტი ქალის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.
როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის სატელევიზიო ანძა საშვილოსნოს ყელის კიბოს ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.
„აღსანიშნავია, რომ 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. კვლევებზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 20 35 35.
ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ, წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.