„რიგმა ცვლილებებმა, რომელიც რეზოლუციის საბოლოო ვერსიაში მოხვდა, ჩვენი მოხსენება დაუბალანსებელი გახადა“

 

საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი ბორის სილევიჩი “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი წევრის მიერ მისი მოხსენების ობიექტურობის ეჭვქვეშ დაყენებას გამოეხმაურა. სილევიჩმა Georgian Journal-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, თუ ვინმეს აქვს კითხვები მომხსენებლის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით, თითოეული არგუმენტი მაგიდაზე უნდა დაიდოს.
“არ ვაპირებ რამენაირად რეაგირებას. თუ ვინმეს აქვს შეკითხვები მომხსენებლის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით, საჯაროდ უნდა გამოთქვას და თითოეული არგუმენტი მაგიდაზე უნდა დაიდოს. დანიშვნისას ყველა მომხსენებელი აკეთებს განცხადებას ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ. როდესაც მე ამ განცხადებას ვაკეთებდი, აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი, ისევე როგორც ჩემი კოლეგა მაიკლ იენსენი. თუ ვინმე კითხვის ქვეშ აყენებს ჩემს პროფესიონალურ პატიოსნებას, ველოდები რაიმე მტკიცებულებას ამის გასამყარებლად, სხვა შემთხვევაში, ეს, როგორც ამერიკელები იტყვიან ხოლმე, უბრალოდ ზურგში ლახვრის ჩაცემაა. არა მგონია, ასეთი საქციელი მორალური პოლიტიკის კრიტერიუმებს შეესაბამებოდეს. მცდელობა, არგუმენტის გაქარწყლების ნაცვლად, ეჭვი მომხსენებლების პატიოსნებაში შეიტანო, არღვევს კარგად ცნობილ პრინციპს: შეუტიე არგუმენტს და არა პიროვნებას”, – აღნიშნა ბორის სილევიჩმა.
სილევიჩმა ინტერვიუში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის შესახებაც ისაუბრა. სილევიჩი მიიჩნევს, რომ რიგმა ცვლილებებმა, რომელიც რეზოლუციის საბოლოო ვერსიაში მოხვდა, მათი მოხსენება დაუბალანსებელი გახადა.
„ჩვენი აზრით, რიგმა ცვლილებებმა, რომელიც რეზოლუციის საბოლოო ვერსიაში მოხვდა, ჩვენი მოხსენება დაუბალანსებელი გახადა. ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ პოლიტიკურად მოტივირებულ განცხადებებს, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ კონკურენციაში ჩარევას. ჩვენ მიერ მიწოდებული სამუშაო ვერსია შეიცავდა რამდენიმე საკითხს, რაც სერიოზულ კრიტიკას იმსახურებდა, კერძოდ, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ ეს არ არის ჩვენი, ასამბლეის გადასაწყვეტი – თუ ვინ არის მართალი, ვინ მტყუანი. ჩვენ არ ვაპირებთ, ქართული მართლმსაჯულება ჩავანაცვლოთ. მხოლოდ თქვენი და თქვენი მართლმსაჯულების გადასაწყვეტია, ვინ უნდა აგოს პასუხი, ვინ არის დამნაშავე და ვინ უდანაშაულო. ჩვენი მისიაა, განვახორციელოთ მონიტორინგი იმაზე, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესები ტარდება კანონის უზენაესობის, ადამიანთა უფლებებისა და მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპების თანახმად, და თუ ჩვენ ვამჩნევთ საეჭვო რამეებს, ჩვენი მოვალეობაა, ამ პრობლემებზე მივუთითოთ”, – განაცხადა სილევიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები