“ბოლო წლებში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ანუ ტემპი, რომელიც ეკონომიკას აქვს აკრეფილი, აჩვენებს იმას, რომ ჩვენ კარგი პერსპექტივა გვაქვს”- გიორგი ცუცქირიძე 

“ჩვენ ბოლო წლებში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ანუ ეს ტემპი, რომელიც ეკონომიკას აქვს  აკრეფილი, აჩვენებს იმას, რომ ჩვენ კარგი პერსპექტივა გვაქვს”- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ცუცქირიძემ ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ ისაუბრა.

“ამ დღეებში დეკემბრის თვის ზრდის მაჩვენებელსა და ზოგადად წლის შეფასებაზე საქსტატის წინასწარი მონაცემები  გამოქვეყნდება. თუმცა, უნდა ითქვას:  მთავრობის მხრიდან უკვე გაცხადდა, რომ ჩვენ  წლიური 9%-იანი ზრდა გვექნება. ეს შემთხვევითი არაა. ანალოგიური პროგნოზი ცოტა ხნის წინ ორმა მნიშვნელოვანმა ინსტიტუტმა (მათ შორის კვლევითმა) დადო. ესენია მსოფლიო ბანკი და გაერო. ორივე გლობალური ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოში 2024 წელს 9%-იანი ზრდის პროგნოზია. ეს არათუ რეგიონსა და ევროკავშირში, არამედ მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როდესაც საუბარია ზრდის ამ მაღალ პროგნოზზე, ჩვენ მხედველობიდან ერთი რამ არ უნდა გამოგვრჩეს:  ეს 9%-იანი ზრდა რეალურად ამ პროტესტის ეფექტის მიხედვითაა. მოგეხსენებათ, მესამე კვარტალში 11%-იანი ზრდა გვქონდა, მეოთხე კვარტალში, გარკვეულწილად, შენელდა. პროტესტის ეფექტის ფონზე ეს მოსალოდნელიც იყო. პროტესტის ეფექტი რომ გამოვაკლოთ, არათუ 9%-იანი, არამედ ორნიშნა ზრდაც კი გვექნებოდა, სავარაუდოდ, 10 -10,5 %. როდესაც საუბარია პროტესტის ეკონომიკაზე ზეგავლენის შესახებ, აქ საუბარია 1 ან 2 -დღიან გაფიცვაზე, ან გამოსვლაზე არაა, ვნახეთ, რომ პროტესტი ინტენსიური იყო, რომელიც სხვადასხვა აქტივობით გამოირჩეოდა, მათ შორის  სამწუხაროდ,  რადიკალური ფორმითაც, რომელიც  ეკონომიკაზე ყველაზე არასასურველ ზეგავლენას ახდენს. ვგულისხმობ პროტესტის დასაწყისში საკმაოდ რადიკალურ ხასიათს, მიტინგების არამშვიდობიან ხასიათს. ამას ონლაინრეჟიმში უყურებდნენ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელებიც. პირველი, რაზეც ასეთი რადიკალური ფორმა და ზოგადად, პროტესტები ზეგავლენას ახდენს ხოლმე, ესაა მომსახურების სერვისები, პირველ რიგში,  ტურიზმი და მეორე – პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მით უმეტეს, როდესაც საარჩევნო პერიოდია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გარკვეული თავშეკავებით ისედაც გამოირჩევა ხოლმე. ინვესტორები არჩევნების დამთავრებას  ელოდებიან ხოლმე და თავიანთი საინვესტიციო გეგმების   უფრო ღია დეკლარირებას შემდეგ  ახდენენ. ამან, ბუნებრივია, ზეგავლენა მოახდინა. ამას გარდა, როდესაც პროტესტი არის ამ ხასიათის, ინვესტორები ახალი პროექტებისგან, ახალი ინვესტიციებისგან თავს იკავებენ, ისინი რეინვესტირების მოცულობასაც ამცირებენ, ანუ მოგებიდან მიღებულ თანხებს  საბრუნავ კაპიტალში არ ტოვებენ, როგორც წესი, გააქვთ ხოლმე. ესაა ზეგავლენა, ნეგატიური ეფექტი. ამიტომ, მიუხედავად ამისა, ის, რომ ჩვენ  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 9%-იანი ზრდა გვაქვს, მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკა საკმაოდ კარგ ტემპაკრეფილია. ბოლო წლებს ვგულისხმობ. ჩვენ ბოლო წლებში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ბოლო 3-4 წელი რომ ავიღოთ, ორნიშნა ზრდის მაჩვენებლები გვქონდა. ანუ ეს ტემპი, რომელიც ეკონომიკას აქვს აკრეფილი, აჩვენებს იმას, რომ ჩვენ კარგი პერსპექტივა გვაქვს. აქვე ვიტყვი, რომ მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის, ასევე გაეროს პროგნოზით, 2025 წელსაც ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წლიური ზრდა გვექნება –   დაახლოებით , 5-5,5%. ესეც რეგიონსა და ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, თუ ყველაზე მაღალი არა. წინა წლებში, როდესაც ორნიშნა ზრდა გვქონდა წლის დასაწყისის პროგნოზი ყოველთვის დაახლოებით ამ მაჩვენებელში იყო –  4,5-5,5%. შემდეგ ვხედავდით, რომ ზრდა გაცილებით მაღალი იყო.  შარშანაც დაახლოებით, ანალოგიური პროგნოზი იყო და ვნახეთ, რომ მიუხედავად პროტესტის ნეგატიური ეფექტისა, 2024 წელს, თითქმის, ორჯერ მაღალი ზრდა გვქონდა. დარწმუნებული ვარ, 2025 წელსაც უფრო მაღალი ზრდა გვექნება,  ვიდრე ეს კონსერვატორული პროგნოზია”- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები