ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მესამე საერთაშორისო Excellence School-ს მასპინძლობს

I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, 24-26 იანვარს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) მესამე საერთაშორისო Excellence School იმართება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ გახსნა. Excellence School-ის ძირითად თემატიკას წარმოადგენს – „ინტელექტუალური საკუთრება უმაღლეს განათლებაში“.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობასა და ახალი ცოდნის გაზიარებას. რექტორმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალ სამაგისტრო პროგრამაზე – „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა‘‘, რომელსაც KIU, საქპატენტთან პარტნიორობით, განახორციელებს. თავის მხრივ, სამაგისტრო პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულების განვითარებას.

სტუმრებს ასევე მიესალმნენ „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის‘‘ – საქართველო I2Q (WB) აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა კირთაძე და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) პროფესორი ტატიანა ფუმასოლი.

საერთაშორისო Excellence School-ში მონაწილეობს 30 ახალგაზრდა მეცნიერი და მკვლევარი. სამდღიანი ღონისძიების განმავლობაში მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას პატენტების, სავაჭრო ნიშნების, საავტორო უფლებების შესახებ და ჩაერთვებიან ვორქშოპებში, სიმულაციურ აქტივობებში, სიტუაციურ ანალიზებსა და ჯგუფურ სამუშაოებში.

Excellence School ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (საკონსულტაციო კომპანია Savvy Business sLtd-თან პარტნიორობით) ორგანიზებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მასპინძლობით იმართება.

I2Q პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო Excellence School-ის ფორმატით, საქართველოში ორი ღონისძიება უკვე ჩატარდა. საერთაშორისო Excellence School-ის ძირითად ამოცანას საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები