მისივე თქმით, საქართველო – ჩინეთის სავაჭრო ინტერესები ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ინტერესებთან არ გადაიკვეთება.
„რაც არ უნდა მოხდეს, ამერიკა ყოველთვის დარჩება გლობალურ ლიდერ-მოთამაშედ. როგორც არ უნდა გაძლიერდეს ჩინეთის ეკონომიკა, რამდენი ატომური ბომბიც არ უნდა ჰქონდეს რუსეთს, როგორც არ უნდა განვითარდეს ინდოეთის ეკონომიკა, რამდენადაც არ უნდა გაძლიერდეს გლობალური სამხრეთი, აშშ მაინც ძალიან დიდხანს იქნება ტონის მიმცემი მსოფლიო ეკონომიკისთვის.
ბუნებრივია, ამერიკა ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობის დროს საკუთარ ინტერესებს დაიცავს და ჩინეთი გამონაკლისი ვერ იქნება, თუმცა, ტრამპი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკა იქნება არა ჩინეთთან დაპირისპირება, არამედ მასთან ურთიერთობის დალაგება. სწორედ ამიტომ, მან უკვე თქვა, რომ ერთ-ერთი პირველი შეხვედრა სწორედ სი ძინპინთან ექნება.
რაც შეეხება საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობას – შეერთებული შტატები ყოველდღიურად იმაზე მეტს ვაჭრობს ჩინეთთან, რასაც საქართველო ვაჭრობს ორი წლის განმავლობაში. ამის გათვალისწინებით საქართველოსთვის ვერავის ვერ ექნება წამოსაძახებელი, რატომ ვაჭრობ ჩინეთთანო. მთელი მსოფლიო ვაჭრობს მასთან და ჩვენც ამ რიგში ვართ. რაც შეეხება ჩინურ ინვესტიციებს, საქართველოში მათი მოცულობა, სამწუხაროდ, ცოტაა და რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. შეიძლება ეს ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ, ისეთი პოლიტიკა გავატაროთ, რაც ჩვენთვის უმჯობესია. საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, რომელსაც შეუძლია სწრაფი ბიძგი მისცეს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას და ეს უნდა გამოვიყენოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – იმდენად მცირეა ჩვენი ეკონომიკა, რომ არა მგონია, აქ ჩინური ინვესტიციების მოზიდვამ რამენაირად გადაკვეთოს აშშ-ის ან რომელიმე სხვა დიდი მოთამაშის ინტერესი.
ზოგადად, როდესაც ტრამპი აპირებს, გაზარდოს ტარიფები უცხოურ საქონელზე, ეს შეეხება არა მხოლოდ ჩინურ, არამედ ევროპულ, კანადურ, მექსიკურ თუ სხვა ქვეყნების პროდუქციასაც. ეს პოლიტიკა ვინმეს წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ ის იბრძვის აშშ-ის ინტერესებისთვის. მართალია, თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის მთავარი ლობისტი ყოველთვის ამერიკა იყო, მაგრამ დღეს ამ პოლიტიკის გადახედვას თავისი მიზეზები აქვს. თავის დროზე ღია საზღვრებისა და თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა ყველაზე მეტად სწორედ ამერიკული ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესში შედიოდა, მაგრამ დღეს, კონკურენციის გაზრდის გამო, პირიქით, სწორედ მათ ინტერესებში შედის ამერიკის ბაზრის დაცვა გარე კონკურენციისგან. სწორედ ამიტომ დაიწყო სატარიფო პოლიტიკის გადახედვა, რასაც შეგვიძლია დავარქვათ სატარიფო ომი. სადამდე მივა ყველაფერი, მონახავენ თუ არა საერთო ენას ეს ქვეყნები, წინასწარ ამის თქმა ძნელია, თუმცა, ცხადია, რომ ტრამპის განცხადებებს უყურადღებოდ ვერავინ ვერ დატოვებს,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.