თორნიკე ჭეიშვილი: ძალიან სასიამოვნოა, რომ ტრამპი ღიად არის იმ ღირებულებების მატარებელი, რა ღირებულებებიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ესოდენ მაღალ დონეზეა აყვანილი
“ძალიან სასიამოვნოა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღიად არის იმ ღირებულებების მატარებელი, რა ღირებულებებიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ესოდენ მაღალ დონეზეა აყვანილი. ეს ღირებულებათა ერთიანობა საწინდარია იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჯანსაღ ფორმატში გადავა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია მნიშვნელოვანი მოვლენაა.
„დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უდიდესი მოვლენა და ერთგვარი წყალგამყოფია მსოფლიო პოლიტიკაში. ტრამპის ინაუგურაციის დროს საზოგადოებამ მის მიერვე გაკეთებული განცხადება ნახა, რომ მართლაც ორი სქესი არსებობს და რომ მართლაც თანამედროვეობაში ოჯახური ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია.
აშშ-ის პრეზიდენტმა 42 აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა და თუ თვალს ამ ბრძანებათა ნუსხას გადავავლებთ, ძალიან მკაფიოდ დავინახავთ, რომ ტრამპმა წინასაარჩევნო დაპირებების მთელი ჩამონათვალის აღსრულება ინაუგურაციის დღიდანვე დაიწყო.
საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი პუნქტი Deep State-ის წმენდას ეხება. არაერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ადასტურებს, რომ მის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებები, საქართველოს ხელისუფლების საპასუხო განცხადებები და ის უნისონი, რაც არსებობდა, საქმით დასტურდება. ამ მხრივ კეთილსაიმედო პროგნოზი არსებობს. რა საკვირველია, ერთ დღეში სტატუს-კვო ვერ აღდგება, ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლოა ხვალვე არ მოხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი პრაქტიკულად დაიწყო, გადატვირთვის პოლიტიკა განხორციელდება და ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის ჯანსაღ ყალიბში ჩადგება“, – განაცხადა ჭეიშვილმა.