სკოტ ბესენტი: 100%-ით დავუჭერ მხარს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას, თუ მომავალი პრეზიდენტი ამას მოითხოვს
100%-ით დავუჭერ მხარს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას, თუკი მომავალი პრეზიდენტი ამას მოითხოვს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილმა სკოტ ბესენტმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „საკმარისად გულუხვი არ იყო“.
„რუსეთის ფედერაციის რომელიმე ოფიციალური პირი თუ უყურებს ამ მოსმენას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ თანამდებობაზე თუ მე დამამტკიცებენ და პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის ომის დასრულების სტრატეგიის ფარგლებში ამას მოითხოვს, 100%-ით დავუჭერ მხარს სანქციების გამკაცრებას, განსაკუთრებით რუსეთის ნავთობის გიგანტებზე, იმ დონემდე, რომელიც რუსეთის ფედერაციას მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანს. უკრაინაში მიმდინარე ტრაგედია ჩემი ზრდასრული ცხოვრების მანძილზე ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიაა. ჩემი კანდიდატურა თუ დამტკიცდება, მსურს განვახორციელო ნებისმიერი როლი, რომლის შესრულებაც ხაზინას შეუძლია ამის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებაში“, – აღნიშნა ბესენტმა.