ძალიან მადლობელი ვარ გერმანიის ურყევი მხარდაჭერისთვის – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს შეხვდა.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ლიდერებმა განიხილეს უკრაინის თავდაცვით მრეწველობაში ინვესტიციები, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და მათი მხარდაჭერა საბრძოლო ველზე.
„ძალიან მადლობელი ვარ გერმანიის ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელმაც არა მხოლოდ გააძლიერა უკრაინის თავდაცვა, არამედ გადამწყვეტი როლი ითამაშა მთელი ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებაში. გერმანიამ ერთ-ერთი უდიდესი წვლილი შეიტანა უკრაინის ცის დაცვასა და მრავალი სიცოცხლის გადარჩენაში, უზრუნველყო უკრაინისთვის გაწეული მთლიანი დახმარების თითქმის 16%“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად პარტნიორებთან კოორდინაცია განიხილეს.
შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ვიზიტამდე პისტორიუსმა ვარშავაში კიევისთვის შემდგომი დახმარების შესახებ მოლაპარაკებები გამართა პოლონეთის, საფრანგეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის კოლეგა მინისტრებთან.