პიტერ ფიშერი: პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს, ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს
საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა მატულობს, რაც ქვეყანას ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს.
„სამწუხარო დღე საქართველოში. ბოლო კვირებში ყველა შობის დღესასწაულზე სიყვარულისა და მშვიდობის, ახალ წელს ბედნიერების და სახელმწიფო დროშის დღეს ერთიანობის შესახებ საუბრობდა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს. ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს. ეს ასე არ უნდა იყოს“, – წერს პიტერ ფიშერი X-ზე.
ცნობისთვის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა ჟურნალისტ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.