“უტიფარი უსამართლობა, ორმაგი სტანდარტი იყო ის მთავარი იარაღი, რაც ხელში ეჭირა გაერთიანებულ ნაცმოძრაობას და ზოგიერთ ევროპარლამენტარს. მაქსიმალური გახსნილობა და ინფორმაციის მიწოდება გვმართებს’’, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, არც არჩევნები გაყალბებულა და არც საგარეო კურსის ცვლილებაზეა საუბარი.
„ყოველთვის სასიხარულო უნდა იყოს, როდესაც მაღალი დონის მომხსენებლები ჩამოდიან. ჩვენ გამართული ვართ წელში და ზუსტად ვიცით, რომ არც არჩევნები გაყალბებულა, არც საგარეო კურსის ცვლილებაზეა საუბარი, თუმცა, მაგ თემაზე არ ექნებათ საუბარი მომხსენებლებს, რა საკვირველია. მაგრამ რეალურად ხომ ეს განაპირობებს, ეს მოიგონეს, როგორც მიზეზი, რომ როგორმე საქართველოს მდგომარეობა შეერყიათ იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც თავის თავს უწოდებს ოპოზიციას. მათთანაც ექნებათ შეხვედრები, მაგრამ რეალობა, რაც დახვდებათ არის შემდეგი, სურათი ასე ჩამოყალიბდა – არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც თავს უწოდებენ ოპოზიციას, მაგრამ რეალურად ეს არის გარკვეული შეთქმულთა ჯგუფი, რომლებიც არაფერ პოლიტიკურს არ აკეთებენ, არც წინასაარჩევნოდ ჰქონდათ პოლიტიკური აქტივობები და ერთადერთი მიზანი იყო, რომ არჩევნები გამოეცხადებინათ გაყალბებულად.
ამაში ჩართეს ახალგაზრდები, მათ შორის სკოლის მოწაფეები, უნივერსიტეტები, სტუდენტები და გამოაცხადეს, რომ საგარეო კურსის ცვლილება არის მთავარი, რაც მათ აღელვებდათ. ეს სურათი დახვდებათ. ამ სურათის შექმნაში მიიღო მონაწილეობა ევროპარლამენტმა, რომელშიც საკმაოდ სერიოზული გავლენის რესურსი გააჩნია სახალხო პარტიას, მაგრამ ეს უტიფარი უსამართლობა, ორმაგი სტანდარტი იყო ის მთავარი იარაღი, რაც ხელში ეჭირა გაერთიანებულ ნაცმოძრაობას და ზოგიერთ ევროპარლამენტარს. ასე რომ ჩვენ სიფრთხილით უნდა ვიყოთ და მაქსიმალური გახსნილობა და ინფორმაციის მიწოდება გვმართებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.