მაკა ბოჭორიშვილი: დეზინფორმაციული კამპანიები, რაც საქართველოს შესახებ ბოლო წლებია ტრიალებს, მხოლოდ შიდა აუდიტორიაზე არ არის გათვლილი

იმდენად არაადეკვატური განცხადებები კეთდება, საერთოდ ყველაფერს მოწყვეტილი, რომ ძალიან რთულია სერიოზულად რაიმე კომენტარი გააკეთო ქართველების პრო ცინელობაზე, პრო ირანელობაზე მით უმეტეს და პრო რუსობაზე ხომ აღარ არის საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჯო უილსონისა და ნორა თორნტონის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„ზოგადად, ის დეზინფორმაციული კამპანიები, რაც საქართველოს შესახებ ბოლო წლებია ტრიალებს, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ შიდა აუდიტორიაზე არ არის გათვლილი და შედეგი არ არის მხოლოდ და მხოლოდ შიდა აუდიტორიის განწყობების შევლა. არ არის მარტივი, როდესაც უპირისპირდები ამხელა მანქანას. ჩვენი საზოგადოება დღეს ძალიან კარგად ხედავს, რასთან გვაქვს საქმე და რამხელა მანქანა მუშაობს მაშინ, როდესაც საქმე ეხება გარკვეული ინტერესების გატარებას. გარკვეული ინტერესების გატარება ამ შემთხვევაში უკავშირდება საქართველოსაც და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ინტერესებთან.

განსაკუთრებით მოდიოდა წინააღმდეგობაში 2022 წლიდან, მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები კიდევ უფრო გაიზარდა, უკავშირდებოდა უკრაინაში საომარ მოქმედებებს; რუსეთის აგრესიას უკრაინაში; საფრთხეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე გაიზარდა და ამ სიტუაციაში იმ სიფრთხილის პოლიტიკას უპირისპირდებოდა, რასაც „ქართული ოცნება“ აწარმოებდა ერთადერთი მიზნით, რომ ამ ქვეყანაში საფრთხე არ გაზრდილიყო. ჩვენი ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე არ დამდგარიყო. ამას უპირისპირდებოდა მთელი რიგი, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიების გამოყენება. გახსოვთ „შავი ხვრელი საქართველო“ – როგორ ხდებოდა სანქციების გვერდის ავლა; როგორ გაგვაკრიტიკეს, მაგალითად, ნატო-სთან დაკავშირებით – ნატო-საქართველოსა და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე, როგორც ფაქტორზე, რომელზედაც დღესაც ძალიან ხშირად საუბრობენ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები უმაღლეს დონეზე, როგორც ფაქტორზე; როგორ ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია ამ გამოგონილი მიზეზებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები