გივი მიქანაძე ბუნდესტაგის წევრების განცხადებაზე: ეს კამპანია მიზანმიმართულად გრძელდება იმისთვის, რომ რადიკალიზაცია მოხდეს საზოგადოებაში
„ეს კამპანია მიზანმიმართულად გრძელდება იმისთვის, რომ რადიკალიზაცია მოხდეს საზოგადოებაში“, – ამის შესახებ „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე ესაუბრა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ რაღაც მოცემულობები გაამძაფრონ, ბუნდესტაგის წარმომადგენლები არ ერიდებიან დეზინფორმაციის გავრცელებას.
„ეს კამპანია მიზანმიმართულად გრძელდება იმისთვის, რომ რადიკალიზაცია მოხდეს საზოგადოებაში. მათი მხრიდან წახალისებული იყოს ის მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ შეასრულონ ის დავალებები, რაც ლიბერალების მხრიდან, მათი პატრონების მხრიდან მომდინარეობს.
შესაბამისად, იმისთვის, რომ რაღაც მოცემულობები გაამძაფრონ, ბუნდესტაგის წარმომადგენლები არ ერიდებიან დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მიზანმიმართულია“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც წერია: „ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში არ იქნა დაშვებული”.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 12 სექტემბერს ორგანიზაციამ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზეც გამოაქვეყნა.