არჩილ გორდულაძე – „ნაციონალურ მოძრაობაზე”: შეიცვალეს მხოლოდ და მხოლოდ ნომრები საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მაგრამ მათი ზნე და ბუნება არასდროს შეცვლილა

„როდესაც ჩვენ ვამბობთ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ „ნაცმოძრაობა“ რამდენიმე შტოდ არის დაყოფილი“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
კონკრეტულად, მან უპასუხა კითხვას, სამართლებრივი შედეგები დადგება თუ არა კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, ვინაიდან მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად დაშლილია და მისი წევრები სხვადასხვა პარტიებში არიან გადანაწილებული.

როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, ის ადამიანები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ქმნიდნენ და ქმნიან, ახლა სხვადასხვა პარტიის სახელით არიან წარმოდგენილები და მათ შეიცვალეს მხოლოდ და მხოლოდ ფერები.

„შეიცვალეს მხოლოდ და მხოლოდ ნომრები საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მაგრამ მათი ზნე და ბუნება არასდროს შეცვლილა და არც შეიცვლება. საგამოძიებო კომისია, რა თქმა უნდა, ყველა დეტალთან დაკავშირებით, როგორც აღვნიშნე, მოიძიებს ინფორმაციას და შესაბამისად, რა შედეგებიც იქნება წარმოდგენილი, ყველა შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციებს კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, რომ შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა მიიღონ გადაწყვეტილებები. წარმართონ საქმიანობა ისე, როგორც ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული დემოკრატიულ ქვეყანაში და საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, დემოკრატიული კანონმდებლობით. ან, მეორე საკითხი, ამავდროულად მეორე საკითხი, რომ იყოს ისეთი ფაქტები წარმოდგენილი, ინფორმაციები მოძიებული, რომლის შემდეგაც შესაძლებლობა იქნება სხვა კონსტიტუციურ ორგანოებს მიემართოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა გადაწყვეტილებების მისაღებად. მათ შორის, პარტიასთან, ზოგადად. როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით.

წინასწარ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ. როგორც აღინიშნა, 6 თვის განმავლობაში იმუშავებს საგამოძიებო კომისია. ყველა პირს, ყველა ფაქტს გამოიძიებს ისე, როგორც ეს საჭიროა ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე და შედეგებს შეაჯამებს, შესაბამისად გაიცემა რეკომენდაციები. იქნება პარლამენტის დადგენილებაც, რომელსაც პარლამენტიც განიხილავს და რეკომენდაციების სახით გაეგზავნება ყველა კომპეტენტურ ორგანოს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები