მამუკა მდინარაძე: როდის დაიძაბა ნელ-ნელა ურთიერთობები? მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა სათავეში – ზეწოლა გამძაფრდა, რაც პირწმინდად წააგო ბაიდენმა არჩევნები, ეს მოხდა ორბანის ხელისუფლების და საქართველოს წინააღმდეგაც
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დასავლეთის და მათ შორის აშშ-ის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა და ის გარემოებები მიმოიხილა, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში იარაღად გამოიყენებოდა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ურთიერთობების დაძაბვა შეერთებული შტატების ხელისუფლებაში ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ დაიწყო.
„როდის დაიძაბა ნელ-ნელა ურთიერთობები? – მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მართავს თუ არა, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა სათავეში და განსაკუთრებით დაიძაბა ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში. ამის შემდეგ ჩვენ ამ ზეწოლის ქვეშ ვართ. ზელენსკიმ, რომელიც დღეს ლაპარაკობს ამერიკულ კორუფციაზე, გახსოვთ, ალბათ, რომ ორი თვითმფრინავის არგაგზავნის გამო საქართველოდან ელჩი გაიწვია.
წარმოიდგინეთ, როგორ იცვლება დრო და როგორ დევს ხელის გულზე ყველაფერი, თუ გინდა, რომ იაზროვნო ამ თემებზე და „ნაცური“ მოცემულობა პირდაპირ არ მიიღო. ევროპა ყველას უნდა, ვინც ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი ადგილი ბუნებრივია, არის ღირსეულ ევროპაში. ყველას გვინდა ევროპა. მაგრამ რის ხარჯზე და როგორ, რას ვაკეთებთ და შანტაჟის იარაღად ვაყენებინებთ თუ არა ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანების თემას, ეს მეორე საკითხია. ვიღაც იარაღად აპირებს, გამოიყენოს.
თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ურთიერთობები გართულდა ომის დაწყების შემდეგ, ესეც იარაღად იყო გამოყენებული. ასევე იარაღად იყო გამოყენებული ზელენსკის მიერ დავალებით, ელჩის გაწვევა, სამწუხაროდ, ამის თქმაც გვიწევს, და სხვა უამრავი საკითხი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი შეფასებით, აშშ-ის მხრიდან ზეწოლა ჯო ბაიდენის მიერ არჩევნების წაგების შემდეგ გამძაფრდა.
„უფრო რადიკალურები ამის შემდეგ გახდნენ, უფრო გაბოროტდნენ თუ კუდი მოიქნიეს. ეს მოხდა უნგრეთის მიერ არჩეული, ორბანის ხელისუფლების წინააღმდეგაც და საქართველოს წინააღმდეგაც.
მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ 20 იანვრამდე აქვთ დრო, თუკი უმაღლესი ხარისხის რაიმე მავნებლობა შეიძლებოდა, მომხდარიყო, ყველაფერი გააკეთეს თავისი უფლებამოსილების მიწურულს. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მავნებლობა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპ-ეტაპ ჩვენ მოვახერხებთ, რომ გადაიტვირთოს და ნორმალიზებული იყოს ურთიერთობები და ჩვენი ქვეყანა კვლავ აგრძელებდეს განვითარებას, მათ შორის ანგარიშგასაწევ და არა მართვად ქვეყნად იყოს მიჩნეული პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო და გახდა ანგარიშგასაწევი ქვეყანა.
„ჩვენ როგორც იქნა, შევძელით და ეს არის ქართველი ხალხის, მათ შორის, ვიტყვი თამამად – მისი არჩეული ქვეყნის ხელისუფლების დამსახურება, ჩვენ შევძელით, ვიყოთ ანგარიშგასაწევი ქვეყანა. 7 და 8 წლის წინაც კი ჩვენ არ ვიყავით ის ქვეყანა, რომელსაც ანგარიშს უწევდნენ. დღეს ჩვენ გავხდით დარტყმის ობიექტები, ზეწოლის ობიექტები, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ აქედან დაგვრჩება ის, რომ ურთიერთობებიც გადაიტვირთება და დავრჩებით ანგარიშგასაწევი ქვეყანა ყველა ქვეყნისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის და ყველა შეეგუება ნელ-ნელა იმ აზრს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში. საქართველოს ეკონომიკა იქნება ძლიერი იმიტომ, რომ ეს გამომდინარეობს ქართული საზოგადოების ინტერესიდან.
თუ დააკვირდებით, საქართველოს ეკონომიკა განვითარდა სწრაფი ტემპით მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიწყო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. სხვანაირად ამ ბოლო პერიოდში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა იყო წარმოუდგენელი. როცა ევროპული ქვეყნები ამ მიმართულებით სტაგნაციას განიცდიან, საქართველოსთვის ერთიორად რთული იყო მით უმეტეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა. მაგრამ როგორც კი საქართველომ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ჩვენ ეს შევძელით და ასე გავაგრძელებთ.
რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ პარტნიორებს, თუ მათი დამოკიდებულება იქნება ობიექტური. თუ ჩვენ დავიჯერებთ, რომ შეგვიძლია, ქართველმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ ვმართოთ და არა გვმართონ, ამ შემთხვევაში ეკონომიკაც ძლიერი იქნება და უფრო რეალური ევროპულ ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი წევრობაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.