დავით ქართველიშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი გამოირჩევა თავისი ობიექტური მიდგომებით საქართველოსთან მიმართებით, რაც იწვევს ადგილობრივი და საერთაშორისო ძალების მხრიდან გაშმაგებულ რეაქციას

”ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში ვიზიტს გეგმავს, რამაც გააცოფა „ოპოზიციის“ როგორც შიდა მესვეურები, ასევე მათი გარე აგენტოკრატები”, – ამის შესახებ განცხადებას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აკეთებს.

ქართველიშვილისთქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი გამოირჩევა თავისი ობიექტური მიდგომებით საქართველოსთან მიმართებით, რაც იწვევს ადგილობრივი და საერთაშორისო ძალების მხრიდან გაშმაგებულ რეაქციას.

მისივე შეფასებით, პია კაუმას ვიზიტი იქნება დასავლეთის მორიგი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს ლეგიტიმურ პარლამენტთან, მთავრობასა და პრეზიდენტთან ახალი, პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების კიდევ ერთი დასტური.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში ვიზიტს გეგმავს, რამაც გააცოფა „ოპოზიციის“ როგორც შიდა მესვეურები, ასევე მათი გარე აგენტოკრატები. ფინელ ქალბატონ პოლიტიკოსს უყვარს სამხრეთ კავკასიაში ჩამოსვლა. სომხეთში ბოლოს – 2023 წლის ნოემბერში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს. შარშან ნოემბერში – აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

მანამდე კი, ქალბატონი კაუმა ხელმძღვანელობდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში. აი მისი შეფასება: „26 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული, ამომრჩევლებს შეეძლოთ, არჩევანი გაეკეთებინათ 18 საარჩევნო სუბიექტს შორის. ეს არჩევნები არ იყო უბრალოდ არჩევანის გაკეთება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიას შორის, არამედ ასევე ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იყო საკმაოდ აქტიური კონკურენცია“.

2024 წლის დეკემბერში, მალტაში ეუთოს მინისტრთა 31-ე საბჭოზე გამოსვლისას, პია კაუმამ აღნიშნა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებული მნიშვნელობა მზარდი პოლარიზებულ გარემოში და ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ არჩევნების შედეგი განისაზღვროს მხოლოდ ხალხის ნებით და არა გარე გავლენებით. მალტის მინისტერიალზე ქალბატონი პია კაუმას მიერ უკვე მოხდა ახლად არჩეული საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის სრული ლეგიტიმაციის აღიარება.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი გამოირჩევა თავისი ობიექტური, სამართლიანი და პრინციპული მიდგომებით საქართველოსთან მიმართებით, რაც იწვევს უსამართლო, სუბიექტური და უპრინციპო ადგილობრივი და საერთაშორისო ძალების მხრიდან გაშმაგებულ რეაქციას. ქალბატონი პია კაუმას ვიზიტი იქნება დასავლეთის მორიგი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს ლეგიტიმურ პარლამენტთან, მთავრობასა და პრეზიდენტთან ახალი, პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების კიდევ ერთი დასტური“, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები