პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
პარლამენტთან საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება.
აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა ისევ გადაკეტილი აქვთ.
დღევანდელ აქციას ემიგრანტების მარში შეუერთდა. მარშის მონაწილეები პარლამენტთან საპროტესტო მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მივიდნენ.
მომიტინგეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
ამასთან, მათ ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 33-ე დღეა გრძელდება.
მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.