„ერთ დღეს მეგობარმა გვთხოვა, დაგვემზადებინა ჯვარი წარწერით: „იესო“ – რენა პარუნაკოვას ფერადი მუზა, „ანგელოზი“ და საახალწლო სურვილები

ბავშვობიდან  აინტერესებდა ხელოვნება, უყვარდა ხატვა, ქარგვა, კერვა… იტაცებდა განსხვავებული, ახალი, საინტერესო… ამბობს, რომ ბებოსთან ერთად მულინეს ძაფებით პეპლებს ქარგავდა და შეეძლო საათობით მჯდარიყო, მოექარგა ან დაეხატა. „ბებოს ჰქონდა ზარდახშა, სადაც მულინეს ძაფებს, ნემსებს, ყაისნაღებს, ჩხირებს ინახავდა, ეგ ზარდაშა ძვირფასეულობის ტოლფასი იყო ჩემთვის“…
შემდეგ იყო პაუზა… და 13-წლიანი შესვენების შემდეგ ისევ მიუბრუნდა ფერწერას და ქარგვას ლენტებით. ქმნის სამკაულებს, აქსესუარებს, კერავს ლუქსის ხარისხის ჩანთებს, ამზადებს ვერცხლის ტიხრული მინანქრის სამკაულებს. – რენა პარუნაკოვას პერსონა.

– დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ძალიან გონიერი ბავშვი ვიყავი, მქონდა ჩემი საკუთარი შინაგანი სამყარო და იქ ვემალებოდი ყველა არასასურველ ემოციას. ამას სულიერებას დავარქმევდი…
ხელოვნება და სულიერება ერთად დადიან, გრძნობენ და ხედავენ იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ და ვერ ხედავენ. ახლა ვხვდები, რომ ბავშვობიდან ხელოვნების საშუალებით უფალი მელაპარაკებოდა, მიხსნიდა თავის სამყაროს, რომელსაც მე დიდი სიამოვნებით ვათვალიერებდი და ვეხებოდი…
13 წელია ხელოვნებას ემსახურებით…
– შემდეგ მქონდა პაუზა და უკვე 13 წელია, ძალიან აქტიურად გამიტაცა ხელოვნებამ. მადლობას ვუხდი უფალს, რომელმაც მომცა ეს ნიჭი და მეუღლეს, რომელსაც სულ სჯეროდა ჩემი და მგულშემატკივრობდა. დღემდე სოცქსელებშიც პირველი კომენტარი ჩემს პოსტებზე ჩემი მეუღლის დაწერილია. ეს ძალიან მამხნევებს.
პირველი ნამუშევრები?
– პირველად დავხატე მაშინ, როდესაც ჩემი შვილი თვეების იყო. სანამ მე ვქარგავდი,  მეუღლე  დამეხმარა, ბავშვი გაართო. შემდეგ იქიდან დაიწყო გაყიდვებიც… ძალიან ბედნიერი ვიყავი და ის აზრი, რომ ჩემი ხელებით შექმნილი ადამიანებს მოსწონთ და უნდათ, რომ თავიანთ სახლებში დაკიდონ, უფრო მაბედნიერებდა, ვიდრე ფინანსური მხარე. დღემდე ასე ვარ.
– ხატავთ, ქარგავთ ლენტებით, ამზადებთ სამკაულებს… აქვეყნებთ თქვენს გვერდზე RenaArt
– როდესაც ახალ ნამუშევარს ვქმნი, ხშირად  პროცესსაც ვიღებ და ჩემს გვერდზე ვდებ ფოტოებს, ჩემს გამომწერებს მოსწონთ ასეთი ინფორმაცია. ვქმნი მუზის მიხედვით. როდესაც კერვა მინდება, ვკერავ ლუქსის ხარისხის ჩანთებს, სამკაულებს, მაგრამ თუ ფუნჯი მომენატრება და ეს ხშირად ხდება, აუცილებლად უნდა დავხატო.
მაქვს სამი გამორჩეული ნახატი, რომლებსაც არ ვყიდი. აქედან ორი ჩემია და ერთი ჩემი შვილის – მარიანასი. ერთი ზამთრის პეიზაჟია, რომელიც მეუღლეს უყვარს, მეორე – ზაფხულის პეიზაჟი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მესამე – ჩემი შვილის დახატული არყის ხეები. ბევრჯერ შემოუთავაზებიათ გაყიდვა, მაგრამ მე არ დავთანხმებულვარ. ეს ნახატები ჩემთან დარჩება…
ვერცხლის ტიხრული მინანქრის სამკაულებით სწორედ მეუღლისგან დაინტერესდით…
– როგორც ვახსენე, ჩემი მეუღლე ძალიან მიდგას გვერდში და აფასებს ჩემს შრომას. ისიც ხელოვანია, განსხვავებული განხრით, – ოქრომჭედელი, ამზადებს საავტორო ხელნაკეთ სამკაულებს ოქროსა და ვერცხლში. ვფიქრობ, სხვანაირად ვერც იქნებოდა. ერთმანეთს ვამხნევებთ და ვეხმარებით განვითარებაში… ჩემი 14 წლის შვილიც ნორჩი ხელოვანია, ძალიან კარგად ხატავს, აქვს განსხვავებული ხედვა და ხელწერა… მიყვარს მისი ნახატები…
საინტერესო ისტორია…
– გავიხსენებ ერთ საოცარ ისტორიას, რომელიც სასწაულად იქცა ჩვენს ოჯახში. იყო დრო, მე და მეუღლე ვოცნებობდით  საკუთარ სახლზე… საკმარისი თანხა არ გვქონდა, მაგრამ იმედს არ ვკარგავდით, ბევრს ვმუშაობდით და ვლოცულობდით… ერთ დღეს მეგობარმა გვთხოვა, დაგვემზადებინა ჯვარი წარწერით – „იესო“. ახალ აღთქმაში (იოანეს 10:9)  დაწერილია: „მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, პოვებს ხსნას, და შევა და გამოვა და ჰპოვებს საძოვარს“.
ეს ერთი შეკვეთა გახდა ჩვენთვის ჩვენი სახლის კარი. აგიხსნით – როდესაც მეუღლემ დაასრულა ამ ჯვრის დამზადება, ამოატრიალა და უცებ აღმოაჩინა, რომ ამ ჯვარს, ამობრუნებულ მდგომარეობაში, გასაღების ფორმა ჰქონდა. იმ დღიდან ამ ჯვარზე იმდენი შეკვეთა მივიღეთ, რომ შევძელით ჩვენი სახლის აშენება… ეს მუხლი გაცოცხლდა ჩვენს ცხოვრებაში და იესო გახდა ჩვენთვის კარიც და გზაც… მადლობას ვუხდი ღმერთს და ჩემს მეგობარს ამ შეკვეთისთვის…
  შთაგონება?
– ჩემი შთაგონება მთელი სამყაროა – დიდი ზღვიდან და ფერადი ცისარტყელადან დაწყებული – პატარა, ნაცრისფერი, ძირს დაგდებული ქვით დამთავრებული. ყველაფერი მელაპარაკება… როგორც ვახსენე, მაქვს უნარი, შევამჩნიო ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მე ამას ვერ ვხსნი… როგორ გამომდის, ეს უფლისგან ჩადებული უნარია…
ჰობი…
– ჰობი არ მაქვს. ვფიქრობ, ერთი საფეხურით მაღლა გადავედი, ვიდრე უბრალოდ ჰობია…
თქვენს გვერდზე საახალწლო მილოცვა და „ანგელოზი“ გაჩნდა.
– უკვე დასრულდა ბოლო დროის ფავორიტი ჩემი ნაქარგებიდან – „გოგონა თაიგულით“. ეს მხოლოდ ლამაზი ნაქარგი არ არის, არამედ დატვირთულია აზრით და დადებითი აურით…
„ანგელოზი“ – ამ წელს, ვფიქრობ, ამ ნაქარგით დავასრულებ. ბედნიერი ახალი წელი ყველას – სიხარულით, სიყვარულით სავსე ყოფილიყოს თითოეულისთვის!
სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებზე, სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ, ხვალინდელი დღე მაჩვენებს, რა, სად და როგორ. ვსწავლობ დღევანდელი დღით ცხოვრებას.


თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები