“ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია, მათი შეხედულებებისა თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა! ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ. მიუხედავად იმისა ვის რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე – ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ჩვენი სამშობლოს, ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესების გარშემო. იმ მომავლის გარშემო, რომლის შენებაც ჩვენ ერთად უნდა განვაგრძოთ”, –  განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის ცერემონიაზე.

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველასათვის ნათელია, რომ ქართველები თავისუფლების მოყვარე ერია და მისი გამორჩეული ღირებულება თავისუფლების სიყვარულია.

„სიტყვა თავისუფლება, უფლებასთან ერთად – ასევე მოიცავს პასუხისმგებლობას და იმ ღირებულებების დაცვას, რომლისთვის ბრძოლამაც ეს თავისუფლება მოგვიტანა, ეს არის უკვდავი იდეისთვის ბრძოლა, რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ ეს იდეა მოიცავს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების პატივისცემას.

ქართულ ენაში, თავისუფალი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს, რომ იყო საკუთარი თავის – უფალი, არ იყო დამოკიდებული არავისზე და არაფერზე; საკუთარი – სინდისის, ნამუსის, ადამიანობისა და შინაგანი ხმის გარდა. თავისუფლება უპირველეს ყოვლისა, სწორედ უფლის და ჭეშმარიტების ძიებას გულისხმობს საკუთარ თავში. ისევე, როგორც სიკეთისკენ და სიყვარულისკენ სწრაფვას, რაც ჩვენს საზოგადოებას დღეს ასე ძალიან სჭირდება. 

თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას! ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს რომ, ჩვენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება. თავისუფლება ასევე გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, კითხვების დასმას და დისკუსიას, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, განსხვავებული პოზიციების დაახლოების უმთავრესი წინაპირობაა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სწორედ,  საქართველოს თავისუფალმა მოქალაქეებმა, უპირველეს ყოვლისა პატივი უნდა სცენ  ჩვენს კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობასა და იმ წესებს, რომელსაც ადგენს სახელმწიფო.

 

„სახელმწიფოებრიობის განცდა და შეგრძნება უპირველესია ძლიერი საზოგადოების და ქვეყნის შენების გზაზე. სწორედ სახელმწიფოებრიობა და ის ღირებულებები, რაზეც დგას ქართველი ერი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი. ზუსტად თავისუფლების, წესების და ეროვნული იდენტობის დაცვის ასეთ გაგებაში დაინახა ქართველმა ხალხმა შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში, რომელიც უნდა იყოს საშუალება ჩვენნაირი პატარა ერისთვის დავიცვათ ჩვენი კულტურა, ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, ენა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა.

თუკი, არსებობს ქართველი ადამიანი ვინც შეიძლება ამ ღირებულებებს და შეხედულებებს არ იზიარებს, ალბათ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა – ვის ან რას შეიძლება ემსახურებოდეს?!

მე მჯერა ქართველი ადამიანის, მე მჯერა ჩვენი ერის სიძლიერის. მე მჯერა, ჩვენი ისტორიული გამოცდილებით, ღირებულებებით, ქართული ხასიათით ჩვენ შევძლებთ საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა და გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო. მე მჯერა, რომ სიყვარული გაიმარჯვებს!

გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და სიყვარულით სავსე საქართველოს!” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.