“ვიქნები სასახლეში თუ სასახლის გარეთ, აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები” – სალომე ზურაბიშვილი

“ქვეყნისა და ხალხის მიმართ ერთგულება არაფრით არ შეიცვლება, ვიქნები სასახლეში თუ სასახლის გარეთ, აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები”, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის ეზოში განაცხადა.

„მინდა, პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს, რადგან დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქით არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება. იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ, რადგან ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების, აგერ არის ეს გისოსები და არ გვეშინია. მინდა, თქვენ გითხრათ და ჩაგაბაროთ ანგარიში. ექვსი წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ მე დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება, ვიქნები მე სასახლეში, თუ სასახლის გარეთ. აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები.

ეს შენობა არავისი არ არის, ეს შენობა იყო სიმბოლო, ვიდრე აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა. ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა. ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად. მინდა, რომ ახლა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არ არის, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. ამიტომ, გამოვალ თქვენთან და თქვენთან ერთად ვიქნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები