ბაკურ ბაკურაძე: უცნაურია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ქართული ბუნების ისეთი განუყრელი ნაწილი, როგორიც სიმღერაა, დასაცავი გახდა
“უცნაურია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ქართული ბუნების ისეთი განუყრელი ნაწილი, როგორიც სიმღერაა, დასაცავი გახდა”,- ამის შესახებ რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქართველი ყველა დროსა და ვითარებაში მღერის, რადგან სიმღერა ქართული ეროვნული იდენტობისა და სულის ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობაა.
„მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც ქართულ ცნობიერებასა და ჩვენს იდენტობას ძალიან გაუჭირდა, ილიამ ერს სამი უმთავრესი საუნჯე – მამული, ენა და სარწმუნოება განუსაზღვრა.
მეოცე საუკუნეში, როცა სულიერება და ღირებულებათა სისტემა გახდა დასაცავი უწმინდესმა საზოგადოებას ასეთი ფორმულა შესთავაზა – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“!
უცნაურია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ქართული ბუნების ისეთი განუყრელი ნაწილი, როგორიც სიმღერაა, დასაცავი გახდა. არადა, ოდნავ მაინც თუ გაგეგება რამე ამ ქვეყნის სულიერი თავგადასავლისა, აუცილებლად გეცოდინება, რომ ქართველი ყველა დროსა და ვითარებაში მღერის, რადგან სიმღერა ქართული ეროვნული იდენტობისა და სულის ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობაა და სწორედ ამიტომ – „გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ ამ ჩვენს მრავალჟამიერსა“!
გილოცავთ დამდეგ 2025 წელს!“, – წერს ბაკურ ბაკურაძე.