სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დოკ სუს იმპიჩმენტს, რომლის სასარგებლოდ ხმა 300-დან 192-მა დეპუტატმა მისცა.

ჰანის გადაყენება არის დროებითი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების პირველი შემთხვევა სამხრეთ კორეის ისტორიაში. ჰანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა მას მერე, რაც პრეზიდენტ იუნ სოკ იოლს იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

იმპიჩმენტის ინიციატორი მთავარი ოპოზიციური „დემოკრატიული პარტია“ იყო. იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ჰან დოკ სუმ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენა, რადგან მან 3 დეკემბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც მოგვიანებით იუნ სოკ იოლმა აღნიშნა, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა და ასეთ ზომას კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად მიმართა. მოგვიანებით, საომარი მდგომარეობა გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები