იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, ქალბატონი სალომე არის ყველაზე არალეგიტიმური ადამიანი, რადგან ვინც აირჩია, იმ ამომრჩევლების 90% ახლა მის წინააღმდეგ არის

მე ვფიქრობ, 29 დეკემბერი არაფერი თარიღი არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის შეკითხვას, თუ რა მოცემულობის წინაშე დავდგებით 29 დეკემბრის შემდეგ.

„მე ვფიქრობ, 29 დეკემბერი არაფერი თარიღი არ არის, ყოველ შემთხვევაში, ჩემი დამოკიდებულებით. თარიღი არის ტრამპის მოსვლა ამერიკის პრეზიდენტად, მაგას აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს არ დატოვებს და არაფერი არ მოხდება, ხვიჩიამ თქვა, რომ შეიძლება, არ დატოვოს, მაგრამ თუ ასე იქნება, გაერთობა.

„გასართობი იქნება ნამდვილად. მე რას ვგულისხმობ, გეტყვით. ამ წუთას არის გავრცელებული ასეთი არასწორი ინფორმაცია, რომ ყველაზე ლეგიტიმური ადამიანი არის ქალბატონი სალომე. ჩემი აზრით, ქალბატონი სალომე არის ყველაზე არალეგიტიმური ადამიანი ახლაც. რატომ? ქალბატონი სალომე ვინც აირჩია და ვინც ლეგიტიმაცია მისცა, იმ ამომრჩევლების 90% ახლა არის მის წინააღმდეგ და ვინც მის ლეგიტიმაციას არასდროს არ ცნობდა, იმათი 90% ახლა არის მის მხარეს. თუ რაღაც შეიძლება, იყოს ლეგიტიმაციის დაკარგვა, ის არის, რომ ვინც აგირჩია, ის გაგინებს და ვინც რუსეთის რაღაცად და ა.შ გთვლიდა და არ გცნობდა, ის არის შენიანი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები