დავით ქართველიშვილი: არ უნდა განადგურებულიყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ის ადეიშვილისა და ლორთქიფანიძის მონოპოლიური ფლობის და გამოყენების საგანი გახდა

პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი 2013 წელს განადგურებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ უნდა განადგურებულიყო და დღეს ზურაბ ადეიშვილსა და გია ლორთქიფანიძეს ამ საკითხზე მონოპოლიური მფლობელობა არ ექნებოდათ და მონობაში არ ეყოლებოდათ თავისივე “კინოგმირები”.

“ვაი თქვენდა, მემრუშნო და მშიშარნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან შანტაჟის გამო ცრუობთ – მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.

ვაი თქვენდა, დაშინებულნო და სახედაკარგულნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა სიცრუეში მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად”.

დაე მეპატიოს სახარების პერიფრაზირება, მაგრამ სხვა უკეთესი არაფერი მომდის თავში – ეკრანზე საკუთარი ცოდვის მუდმივი მძევალი რომ მხვდება პოლიტიკური თუ ფსევდოსულიერი მოძღვრის ქურქში გახვეული, რომელსაც აზრადაც არ მოსდის ამ ტყვეობიდან გამოსვლა.

გასაგებია – “შემოგემრუშა” თავის დროზე ან სამსახურებრივად, ან პარტიული თუ სამრევლო ხაზით და გახდი “ახალაია ფიქჩერზის” პორნოდოკუმენტალისტიკის გმირი. მაგრამ როდემდე? მაქსიმუმ 3-4 დღის სალაპარაკო გამხდარიყავი არ გერჩივნა – სამაგიეროდ, ამის შემდეგ თავისუფლება გერგებოდა ჯილდოდ.

აი აქ კი პირველად ამ თემაზე საკუთარ თავთან ვიქნები ოპოზიციაში და ჩემს ადრინდელ აზრს შევიცვლი: არ უნდა განადგურებულიყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2013 წელს. ამით, სახელმწიფომ მათ შორის თვით ამ დატყვევებულ ადამიანებს მოუსპო გადარჩენისკენ გამიზნული გამოსავალი.

ამ კადრების განადგურებით, მხოლოდ “გადამღები ჯგუფის” საავტორო და ექსკლუზიური საპატენტო უფლებები განმტკიცდა, ვინაიდან ადეიშვილისა და ლორთქიფანიძის მონოპოლიური ფლობისა და გამოყენების საგანი გახდა. და ამ უფლებით მათ დღემდე უჭირავთ მონობაში თავისი “კინოგმირები” და ზოგი მათგანი ღრმა კონსერვაციიდან სწორედ დღეს გამოჰყავთ ასპარეზზე.

ამიტომაც გვმოძღვრავენ ჩვენ დღემდე “მრუშობის შვილები” და ამით თავისუფლებისკენ საკუთარ სწრაფვას შიშის მონობით ანაცვლებენ. ის ამბავი ხომ გახსოვთ, 1943 წელს თავის “კუნცევოს” აგარაკზე სტალინმა სამი რუსი მიტროპოლიტი რომ დაიბარა. აქედან ორი სამღვდელმთავროდ შემოსილი, ხოლო ერთი სამოქალაქო ტანისამოსში მივიდა…

სწორედ ამ უკანასკნელს ჰკითხა ექს-სემინარისტმა სოსომ: “ასეთ ფორმაში რატომ მოხვედიო” – და “შემეშინდაო, ვისარიონოვიჩ”, უპასუხა იმან. ანუ, ჩემი გეშინიაო და იმის არ გეშინია – მიუგო სტალინმა და სწორედ ამ რეპლიკას ვუბრუნებ ჩვენს ზოგიერთ “პოლიტიკოსებს” და არა მხოლოდ მათ…” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები