კახა კალაძე: მიმდინარე წელს დედაქალაქში კულტურის მიმართულებით დაფინანსდა 230-მდე პროექტი, განათლება-ახალგაზრდობის – 100-ზე მეტი, ხოლო სპორტის – 250-მდე პროექტი
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2024 წლის თბილისის მერიის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას კულტურის, სპორტისა და ასევე, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს კულტურის მიმართულებით 230-მდე პროექტი და 250-მდე სპორტული ღონისძიება განხორციელდა.
„კულტურის სფეროს განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე პერიოდისათვის დაფინანსდა 230-მდე პროექტი, მათ შორის, 25 მაღალი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის, 45 სპექტაკლი, 40-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის ფესტივალი, 90-მდე საიუბილეო და შემოქმედებითი, 20-მდე ეთნიკური უმცირესობების მიმართულების, გაცვლით, საკონკურსო და სხვა ტიპის პროექტი.
ასევე, დასრულდა ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის სრულმა ღირებულებამ შეადგინა 1842510.21 ლარი. 19 სკოლისთვის შეძენილია სხვადასხვა ინვენტარი და ინსტრუმენტები, 10 8514 ლარის ღირებულების. 14 ხელოვნების სკოლაში განხორციელდა მცირე სარემონტო სამუშაოები, გათბობის სისტემის ცვლილება – 195 000 ლარის ღირებულების. დასრულდა მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმების სრული რეაბილიტაცია, რომლის სრულმა ღირებულებამ შეადგინა 1 148 136 ლარი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ თავის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე და აღნიშნა, რომ თბილისი მერია ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 5 300-ზე მეტი სტუდენტი. ასევე, წარმატებულ 600-ზე მეტ მაგისტრანტს ფინანსური წახალისების მიზნით გამოეყო თანხა. გრძელდება მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელება „ისწავლე დასაქმდი“, რომელსაც მიმდინარე წელს დაემატა რამდენიმე ახალი მიმართულება. 2024 წელს 65-მდე პროფესიულ სპეციალობაში ჩაერთო 2000-ზე მეტი მოქალაქე.
ახალგაზრდების ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის, დასვენების, რეკრეაციის და გართობის მიზნით ხორციელდება საზაფხულო და ზამთრის ახალგაზრდული პროგრამები. საზაფხულო პროგრამების ფარგლებში 2 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთო მათთვის საინტერესო აქტივობებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, 2024 წელს დასრულდა ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის“ სამგორის ფილიალის სრული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, მიმდინარე წელს თბილისში 250-მდე სპორტული ღონისძიება განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 78 300-მდე ბენეფიციარმა.
„წლის განმავლობაში დაფინანსდა 44 სპორტული ორგანიზაცია და ფედერაცია სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების შესაძენად, ინვენტარით და ეკიპირებით სარგებლობს 6 500-მდე ბენეფიციარი. პროგრამით „სპორტი უფროსი თაობისთვის“ 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 1 500-ზე მეტი მოქალაქე უსასყიდლოდ სარგებლობს საცურაო აუზებით და ფიტნეს დარბაზებით.
2024 წელს დასრულდა და გაიხსნა: დიდ დიღომში, II მ/რ-ში, 198-ე საბავშვო ბაღის მიმდებარედ, (დემეტრე თავდადებულის N18ა) მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი; ლადო ასათიანის ქუჩა N50-ში მდებარე სპორტული დარბაზი; ვაზისუბნის დასახლებაში და დიდი დიღმის IV მკ/რ-ში ღია ტიპის სკეიტ-მოედნები; ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სამი პადელის მოედანი და ვაზისუბნის დასახლებაში ფეხბურთის მოედანი. ასევე, რამდენიმე პროექტი დასრულების ეტაპზეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.